ბიძინა ივანიშვილ:   ჩემი შემცვლელის ვინაობაზე წარმოდგენა მაქვს

ბიძინა ივანიშვილ: ჩემი შემცვლელის ვინაობაზე წარმოდგენა მაქვს

ჩემი შემცვლელის ვინაობაზე წარმოდგენა მაქვს და ვიცი როგორ უნდა ვიმუშაო სამოქალაქო სექტორიდან და როგორ დავეხმარო საზოგადოებას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამოქალაქო სექტორში წასვლით იგი საზოგადოებას დაეხმარება.

"მე შეგნებულად თავი ავარიდე ჩემს განცხადებაში იმ მექანიზმების განხილვას, თუ როგორ ვაპირებ ამას, ენჯეოს დავაარსებ თუ პირადად ვიაქტიურებ. არ მინდა დღეს ეს გახდეს ძირითადი პოლემიკის საგანი. დღეს მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო არჩევნების თემა. მე ვიძლევი გარანტიას, რომ მთავრობა, რომელსაც მე დავტოვებ იქნება პატიოსანი, ჩვენ არ გვეყოლება კორუმპირებული ხელისუფლება, ჩვენ მოვახერხებთ ვაკონტროლოთ მთავრობა და მივცეთ შენიშვნები. არასდროს კულისებიდან მართვის სურვილი არ მქონია ან რატომ უნდა მქონდეს", – აცხადებს პრემიერი.

მისივე თქმით, ოპოზიცია ამბობს, რომ პრემიერს ეშინია და გარბის, "სად იკვეთება რომ მეშინია და გავრბივარ, მაშინ როდესაც ყველაზე საშიში იყო, სწორედ მაშინ შემოვედი მე პოლიტიკაში და თუ მშიშარა ვიყავი მაშინ ამას ვერ გავბედავდი, რატომ უნდა მქოდეს სურვილი კულისებიდან მთავრობის მართვის. რატომ უნდა გავიქცე სადღაც. კულისებიდან ისინი მართავენ ვინც ვერ მოახერხა პოლიტიკაში მოსვლა, რატომ უნდა მოხდეს ეს. მე არ მესმის", – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილი.

პრემიერის განმარტებით, ოპონენტების განცხადება, რომ იგი პასუხისმგებლობის აცილებას აპირებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ამ თემას მე ჩემს წერილში გავუსვი ხაზი. ჩემი გარანტია რჩება ჩემს პატიოსან სიტყვაზე. ვიძლევი გარანტიას, რომ ხელისუფლება იქნება არაკორუმპირებული. ვიტოვებ პასუხისმგებლობას, რომ ეს იქნება ევროპული ტიპის ხელისუფლება", – აცხადებს პრემიერი.

რაც შეეხება მთავრობას, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მინისტრები სამინისტროებს კარგად მართავენ.

"მე ისინი შევარჩიე, დავეხმარე სტრატეგიის განვითარებაში. თუ რამე არ მოგწონთ ნებისმიერი მინისტრის თქვენ შეგიძლიათ ეს შეუსწოროთ. მთავრობა ძალიან ეფექტური გუნდია და საკუთარ მოვალეობებს ასრულებენ. რაც შეეხება ჩემი შემცვლელის ვინაობას, მასზე წარმოდგენა მაქვს, თუმცა ჯერ ამაზე საუბარი არ მინდა. მე კარგად ვიცი როგორ უნა ვიმუშაოა სამოქალაქო სექტორიდან და როგორ დავეხმარო საზოგადოებას", – აცხადებს პრემიერი.