"კულისებიდან მართვას ისინი ცდილობენ, რომლებიც ვერ ახერხებენ ფორმალურად პოლიტიკაში მოსვლას, მე ეს მოვახერხე"

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს აინტერესებს, "სად იკვეთება, რომ ეშინია და გარბის".

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს "ექსპო ჯორჯიაში" ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

"მე ჩემს განცხადებაში შეგნებულად თავი ავარიდე იმაზე საუბარს, როგორ და რას ვაპირებ სამოქალაქო სექტორში. დავაარსებ არასამთავრობო ორგანიზაციას, თუ პირადად ვიაქტიურებ, თუ კიდევ სხვა რამ, ეს არ მინდა დღეს ძირითადი პოლემიკის საგანი გახდეს. ძირითადი აქცენტი გთხოვდით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე გადაგვეტანა. გარწმუნებთ, რომ ღირსეულ კანდიდატს წარმოგიდგენთ და მე ვიძლევი გარანტიას, რომ მთავრობა, რომელსაც მე დავტოვებ, აბსოლუტურად ეფექტური და პატიოსანი იქნება, არ გვეყოლება კორუმპირებული ხელისუფლება და ჩვენ მოვახერხებთ გარედან ვაკონტროლოთ და შენიშვნები მივცეთ მთავრობას. არ ვიცი რატომ გიჩნდებათ ეჭვი, რომ მე შეიძლება, კულისებიდან ვმართო, თუ ოდნავ მაინც აქცევთ ჩემს მოღვაწეობას ყურადღებას. თუ ამის სურვილი მაქვს, რატომ უნდა გავრბოდე? სად იკევეთება, რომ მეშინია და გავრბივარ? მაშინ, როცა სიცოცხლისთვის საშიში იყო, გადავდგი ნაბიჯი და პოლიტიკაში შემოვედი. დღეს სად იკევეთება შიში, რატომ უნდა გამაჩნდეს სურვილი, რომ შეიძლება, კულისებიდან ვმართო? კულისებიდან მართვას ისინი ცდილობენ, რომლებიც ვერ ახერხებენ ფორმალურად პოლიტიკაში მოსვლას და გახდნენ ლიდერები. მე ეს მოვახერხე", - განაცხადა ივანიშვილმა.