ადვოკატი:  პროკურატურამ შესაძლოა, ლევან ქარდავასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმოს

ადვოკატი: პროკურატურამ შესაძლოა, ლევან ქარდავასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმოს

გამორიცხული არ არის, პროკურატურამ კუდ-ის ყოფილ ხელმძღვანელთან, ლევან ქარდავასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმოს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ქარდავას ადვოკატმა, კახა შონიამ განუცხადა. 

შონიას თქმით, საპროცესოს შუამდგომლობით დაცვის მხარემ პროკურატურას უკვე მიმართა.

"ლევან ქადრდავას დარჩა ერთი მუხლი, 333-ე მუხლი - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას. აქედან გამომდინარე, ეს მძიმე დანაშაულთა კატეგორიას არ მიეკუთვნება და მაქვს იმედი, რომ პროკურატურა მასთან გააფორმებს საპროცესო შეთანხმებას", - განაცხადა კახა შონიამ.

ლევან ქარდავა იმ სისხლის სამართლის საქმეშია ბრალდებული, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესო სურმავას გაუჩინარების ფაქტს და 2012 წლის არჩევნებამდე უკანონო მოსმენებს მოიცავდა.

ადვოკატის ინფორმაციით, სურმავას ეპიზოდი, კერძოდ მისთვის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში - პროკურატურამ საქმის წარმოება შეწყვიტა.

გარდა ლევან ქარდავასი, აღნიშნულ საქმეში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი 20-მდე მაღალჩინოსანი იყო ბრალდებული, თუმცა როგორც ცნობილია, ამჟამად მხოლოდ სამი ბრალდებული დარჩა - ლევან ქარდავა, შოთა ხიზანიშვილი და ვაჟა ლილუაშვილი.

რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, როგორც ცნობილია, ზოგს საპროცესო გაუფორმდა, ზოგს კი - განრიდება.