ჩემი ამოცანაა, საქართველოს დიპლომატიური სტრუქტურა იქცეს ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუციად

ჩემი ამოცანაა, საქართველოს დიპლომატიური სტრუქტურა იქცეს ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუციად

მაია ფანჯიკიძე - ჩემი ამოცანაა, საქართველოს დიპლომატიური სტრუქტურა იქცეს ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუციად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უწყების ევროპულ სტრუქტურად ჩამოყალიბებაზე მუშაობს. როგორც მაია ფანჯიკიძის ამბასადორიალისთვის განკუთვნილ მიმართვაშია ნათქვამი , საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელებასთან ერთად, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამედროვე, ევროპული ტიპის სახელმწიფო უწყებად ჩამოყალიბებას. 

"ჩემი ამოცანაა, საქართველოს დიპლომატიური სტრუქტურა იქცეს საერთაშორისო დონის, ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუციად, რომელიც პოლიტიკური ანგაჟირებისგან დამოუკიდებლად, ნებისმიერ შექმნილ ვითარებაში მოახერხებს გამართულად ფუნქციონირებას პრაგმატულ, რაციონალურ მიდგომებზე დაყრდნობით. ამგვარად, საგარეო საქმეთა სამინისტროს წინაშე დღეს ორი დიდი ამოცანა დგას ერთდროულად: I) საგარეო პოლიტიკის წარმართვა და II) ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოს მოქნილი და დახვეწილი დიპლომატიური სტრუქტურის შექმნა. ამ თვალსაზრისით, მადლობა მინდა გადავუხადო UNDP-ს, რომელიც მხარში გვიდგას ამ საქმეში და გვიფინანსებს დიპლომატიური სამსახურის რეფორმირებას ევროპული სამინისტროების მაგალითზე. ეს პროექტი მალე წარედგინება მთავრობას განსახილველად", - განაცხადა ფანჯიკიძემ. 

მისივე ინფორმაციით, უწყების სისტემური განვითარებისთვის კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია.

"მიმდინარე წლის მარტ-მაისში ჩავატარეთ ღია კონკურსი სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლდათ კადრების გადახალისებისა და შევსების თვალსაზრისით. არსებული 19 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად შემოტანილი იქნა 954 განცხადება, აქედან წერითი გამოცდის სამი ეტაპის გადალახვის შემდეგ გასაუბრებაზე დარჩა 182 კანდიდატი, რომელთა ნაწილმაც ვაკანტურ ადგილებთან ერთად შეავსო დიპლომატიური რეზერვი. საკონკურსო პროცესის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მე პირადად ვესწრებოდი თითოეულ გასაუბრებას. სერიოზულად ვმუშაობთ როტაციის პრაქტიკის სრულფასოვან დანერგვაზეც. ამ ეტაპზე, მივაღწიეთ როტაციის ნახევარწლიან დაგეგმვას. მიმდინარე წელს უკვე ორჯერ ჩატარდა კონკურსი საზღვარგარეთ დიპლომატიური თანამდებობების დასაკავებლად, რაც უპრეცედენტო მასშტაბის მოვლენა გახლდათ ქართული დიპლომატიის ისტორიაში. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა როტაციის ერთწლიანი დაგეგმვის დამკვიდრებაზე. მიმაჩნია, რომ როტაციის სისტემის სრული გამართვა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია თანამედროვე, ძლიერი დიპლომატიური სამსახურის შექმნის საქმეში. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ დიპლომატიური კადრების პროფესიულ ზრდასა და კვალიფიკაციის ამაღლებას. ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრი. ხორციელდება გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო პროგრამები ქართველი და უცხოელი უმაღლესი დონის სპეციალისტების მონაწილეობით, ტარდება საჯარო ლექციების ციკლიც საქართველოსთვის პრიორიტეტულ თემებზე. მომავალში ვგეგმავთ ქართული ენის შემსწავლელი კურსების დანერგვას უცხოელი დიპლომატებისთვის. ცენტრის მუშაობას კიდევ უფრო ნაყოფიერს გახდის მიმდინარე წელს სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიურ სკოლებთან დაწყებული თანამშრომლობა. მიმაჩნია, რომ კვალიფიციური და მომზადებული დიპლომატიური კადრები ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია ურთულეს თანამედროვე გამოწვევებთან გასამკლავებლად საერთაშორისო ასპარეზზე", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, საგარეო უწყება სერიოზულად ფიქრობს საზღვარგარეთ საქართველოს საპატიო კონსულების ინსტიტუტის გაძლიერებაზეც.

"საქართველოს ამჟამად ჰყავს 10 მოქმედი საპატიო კონსული (ბულგარეთში, ნიდერლანდებში-ორი, პარაგვაიში, სამხრეთ აფრიკაში, ფილიპინებში-ორი, სლოვაკეთში, ეკვადორსა და ლიბანში). მათ შორის გამორჩეულად შეიძლება აღინიშნოს ბულგარეთში, პარაგვაისა და სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საპატიო კონსულების საქმიანობა. მნიშვნელოვანია, დანარჩენმა მათგანმაც გააქტიუროს მუშაობა საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებისა და უფლებების დასაცავად. აღნიშნული ინსტიტუტის კიდევ უფრო განსამტკიცებლად საგარეო საქმეთა სამინისტრო გეგმავს, 2014 წელს თბილისში მოიწვიოს საქართველოს საპატიო კონსულების ფორუმი", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

ამასთან, როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, ოქტომბერში საქართველოში გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები და ამ მხრივ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს საელჩოებისა და საკონსულოების აქტიურ მუშაობას არჩევნებში ქართული დიასპორის მაქსიმალური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

"შარშანდელი უარყოფითი გამოცდილების გათვალისწინებით, სამინისტრომ უკვე გადადგა კონკრეტული ნაბიჯები: გამარტივდა უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციის პროცესი; მაქსიმალურად შეეწყობა ხელი ყველა შესაძლებელ ადგილზე საარჩევნო უბნების გახსნასა და მოქალაქეთა მიერ საარჩევნო უფლებების რეალიზაციას. ხოლო ჩვენს დიპლომატებს აღარ მოუწევთ საკუთარი სინდისის წინააღმდეგ წასვლა. ჩვენი უმთავრესი ამოცანაც სწორედ ესაა, რომ მივაღწიოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ისეთ უწყებად ჩამოყალიბებას, რომელიც შორს იქნება პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებებისა და ქმედებებისაგან, რომელი პარტიის ვიწრო ინტერესებსაც არ უნდა ემსახურებოდეს ისინი", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, სამინისტროს გასული ერთი წლის მანძილზე დაუბრუნდნენ წინა პერიოდში უსამართლოდ გათავისუფლებული დიპლომატები. მისი თქმით, ეს უდაოდ პოზიტიური შენაძენია.

გარდა ამისა, როგორც ფანჯიკიძე აცხადებს, პრობლემად რჩება ზოგიერთ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა დანიშვნის საკითხი.
"საქართველოს პრეზიდენტი დღემდე არ აწერს ხელს სამინისტროს მიერ მიწოდებული კანდიდატურების წარდგენას პარლამენტისთვის", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.