ბიძინა ივანიშვილი:  გარანტიას ვიძლევი, რომ მთავრობა დარჩება ქმედითი და არაკორუმპირებული

ბიძინა ივანიშვილი: გარანტიას ვიძლევი, რომ მთავრობა დარჩება ქმედითი და არაკორუმპირებული

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პატიოსან სიტყვას იძლევა, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მთავრობა დარჩება ქმედითი, ევროპული ტიპის, არაკორუმპირებული და ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი გუშინ გამოქვეყნებულ ღია წერილში წერს. 

ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ის საკუთარ გუნდსა და საზოგადოებას შესთავაზებს, ძალიან საინტერესო პიროვნება იქნება და წარმატებით გაართმევს თავს მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს.

"მე ვიძლევი გარანტიას, რომ მთავრობა დარჩება ქმედითი, ევროპული ტიპის, არაკორუმპირებული და ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს. თუმცა, გარანტია, როგორც წესი, რამით უნდა იყოს გამყარებული. ჩემს შემთხვევაში კი ცოტა რთულადაა საქმე, რადგან იმ თანამდებობით ვარ პასუხისმგებელი, რომლის დატოვებასაც ვაპირებ. ამიტომ რჩება მარტო ჩემი პატიოსანი სიტყვა, რომელსაც მე ისეთივე მნიშვნელობას ვანიჭებ, როგორსაც ჩვენი წინაპრები ანიჭებდნენ. საზოგადოებაში მყოფი და საზოგადოებასთან ერთად, ჩვენ მოვახერხებთ საჯაროდ მივცეთ გუნდს შენიშვნები, რომლებიც, გარწმუნებთ, უფრო მტკივნეული და უფრო ეფექტურიც იქნება, და არა მარტო შენიშვნები, არამედ – პოზიტიური შეფასებებიც, რაც არანაკლებ საჭიროა. და რაც მთავარია, თუ ჩვენ გვექნება ქვეყნისა თუ ცალკეული სამინისტროების განვითარების ჯანსაღი იდეები, არც ამ იდეების მიწოდება გახდება რთული მთავრობისა და პარლამენტისთვის", - აცხადებს პრემიერი.