კახა კახიშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების განადგურებას ისევ ეწინააღმდეგება

კახა კახიშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების განადგურებას ისევ ეწინააღმდეგება

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრი კახა კახიშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების განადგურებას ისევ ეწინააღმდეგება. კახა კახიშვილი კომისიის ერთადერთი წევრი იყო, რომელმაც ფარული ჩანაწერების 5 სექტემბერს განადგურების წინააღმდეგ მისცა ხმა. კახიშვილს მიაჩნია, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული მასალის განადგურებამდე უნდა მომხდარიყო იმ პირთა ვინაობის დადგენა, რომლებმაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებითა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ინტიმური შინაარსის მასალები უკანონოდ გადაიღეს. 

"ის, რომ ეს მასალები ნადგურდება, ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები არ დაისჯებიან. არც საერთაშორისო და არც ქართული კანონმდებლობა არ იცნობს ასეთი ტიპის დანაშაულის ჩამდენთა დაუსჯელობას", - განუცხადა ჟურნალისტებს კახიშვილმა.

კომისის მიერ დღეს საღამოს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პირადი ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები 5 სექტემბერს, 15:00 საათზე, ე.წ. მოდულის შენობაში განადგურდება. პროცესზე დასწრების შესაძლებლობა მედიის წარმომადგენლებს მიეცემათ.