განადგურებას დაქვემდებარებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა დაახლოებით 181 საათი 30 წუთის ხანგრძლივობისაა

განადგურებას დაქვემდებარებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა დაახლოებით 181 საათი 30 წუთის ხანგრძლივობისაა

პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა, რომლის განადგურებაც 5 სექტემბერს, 15:00 სათისთვის გადაწყდა, დაახლოებით 181 საათი 30 წუთის ხანგრძლივობისაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შსს-სთან შექმნილი სპეციალური კომისიის წევრმა ლაშა ტუღუშმა აცნობა. 

ტუღუშმა მედიასთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარია მხოლოდ პირადი ცხოვრების, ინტიმური ეპიზოდების ამსახველი მასალების განადგურებაზე, თუმცა, რჩება იმ ტიპის მასალები, რაც საინტერესოა გამოძიებისთვის.

"ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანია დღეს მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამდენი ბრძოლისა და ჭიდაობის შემდეგ მივედით შეთანხმებამდე, რომ ეს სიბინძურე მოვაცილოთ ქვეყანას", - აღნიშნა ტუღუშმა.

გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე საუბრობს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ეკა გიგაურიც. მისი თქმით, განადგურების პროცედურა წარიმართება კანონისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. გიგაურის ცნობით, განადგურების პროცესზე მიწვეული იქნებიან მედიის წარმომადგენლები. "პოზიტიური ნაბიჯია, რომ ხელისუფლება ასეთი ტიპის მასალის შენახვაზე უარს ამბობს და ეს ხდება არჩევნების წინ", - აღნიშნა გიგაურმა.

კომისიის სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. კომისია გაფართოებული შემადგენლობით შეიკრიბა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ სახალხო დამცველი, პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინსპექტორი და თავად მინისტრები ირაკლი ღარიბაშვილი და თეა წულუკიანი. დღეს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები 5 სექტემბერს, 15:00 საათზე მოდულის შენობაში განადგურდება.