ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა პრაღაში გაიმართება

ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა პრაღაში გაიმართება

ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში სექტემბრის შუა რიცხვებში გაიმართება. როგორც საქართველს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ჟურნალისტებს ამბასადორიალზე განუცხადა, დიალოგის დასაწყისში მონიშნული საკითხების მოგვარება თითქმის დასასრულს უახლოვდება. 

ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, ქართული პროდუქცია უკვე დაბრუნდა რუსეთის ბაზარზე და სექტემბრის ბოლოსთვის მოსკოვის მიმართულებით სოფლის მეურნეობის პროდუქტებიც დაიძვრება.

"პრაქტიულად გადაწყდა ჩვენი სატრანსპორტო კომპანიების ჩართვის საკითხიც საერთაშორისო გადაზიდვებში, რაც საკმაოდ პრობლემატური იყო. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენი პროდუქცია იოლად და ნაკლები დანახარჯებით შევიდეს რუსულ ბაზარზე. ჩვენი დიალოგის პოზიტიური მხარეა ისიც, რომ რუსი ტურისტების რაოდენობა მიმდინარე წლის მანძილზე გაიზარდა. ახლო მომავალში უნდა ველოდოთ, რომ გარკვეული კატეგორიის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შერბილდება სავიზო რეჟიმი, ესეც ხელს შეუწყობს ურთიერთობებს" , - განაცხადა აბაშიძემ.

პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, შემდეგი ეტაპისთვის მხარეები უფრო სერიოზულ ურთიერთობებზე გადავლენ, თუმცა, რა თემებზე იგეგმება საუბარი ზურაბ აბაშიძე ამის ანონსირებისგან თავს იკავებს.

პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, ამ საკითხზე საუბარი გრიგორი კარასინთან დაგეგმილ მომდევნო შეხვედრაზე იქნება. ზურაბ აბაშიძის განმარტებით, მაღალი დონის შეხვედრებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, საუბარი არ არის.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან გვაღელვებს ადმინისტრაციული საზღვრის მიდამოებში მიმდინარე მოვლენები, რაც მემკვიდრეობად გვერგო წინა ხელისუფლებისგან და არის 2008 წლის ომის შედეგი. ვფიქრობ, ეტაპობრივად ამასაც მივხედავთ. რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების პროცესი რთული და ხანგრძლივი იქნება, თუმცა ის, რომ დაძაბულობის ტემპერატურამ შეიარაღებული დაპირისპირებისა და ძალადობის ალბათობამ იკლო, დადებითად მოქმედებს, როგორც ქვეყნის შიდა ვითარებაზე, ასევე საერთაშორისო საქმეებზე" _ განაცხადა ზურაბ აბაშიძემ და აღნიშნა, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები ცალსახად უჭერენ მხარს თბილისა და მოსკოვს შორის მიმდინარე დიალოგს.