"მე-9 არხისა" და "ინფო 9-ის" გადარჩენის კომიტეტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

"მე-9 არხისა" და "ინფო 9-ის" გადარჩენის კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს.

"ინფო 9-ის" ყველა ჟურნალისტს, ოპერატორს, მენეჯმენტის წარმომადგენელს, ასევე მათ მაყურებლებს ვულოცავთ “ინფო 9-ის" გადარჩენას! ვუერთდებით მისი წარმომადგნელების მიერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახისადმი გადახდილ მადლობას! აქვე გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ თითეოულ იმ ადამიანს, ვინც ამა თუ იმ ფორმით მხარი დაუჭირა "მე-9 არხისა" და "ინფო 9-ის" გადარჩენის კომიტეტის" საქმიანობას, რამაც დარწმუნებით შეიძლება, ითქვას უდიდესი გავლენა იქონია "ინფო 9-ის" შენარჩუნებასთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილების მიღების პროცესში! კიდევ ერთხელ გილოცავთ, ეს ჩვენი პირველი საერთოა გამარჯვებაა, "ინფო 9" გადარჩა, ახლა ჯერი "მე-9 არხზეა!" ერთად განვაგრძოთ ბრძოლა მისი შენარჩუნების და სააქციო საზოგადოებად გარდაქმნისთვის!", - ნათქვამია ჩხარტიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისივე თქმით, "უმჯობესი იქნებოდა, "ინფო 9"-ის აქციათა ნაწილის მისი ჟურნალისტების, ოპერატორებისა და სხვა თანამშრომლებისთვის გადაცემაც".

"თითოეული თანამშრომელი ყოველდღიურად რისკის ქვეშ აყენებდნენ საკუთარ თავისუფლებას, ჯანმრთელობასაც და სიცოცხლესაც კი, საიმისოდ, რომ ჩვენ შეგვძლებოდა გაგვეგო ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ ვითარდებოდა დაძაბული მოვლენები საქართველოს სხვადასხვა რაიონებში. აქვე გვინდა, აღვნიშნოთ, რომ "მე-9 არხის" სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შემთხვევაშიც, რაც ჩვენი კომიტეტის წინადადების ერთ-ერთი ძირითად დებულებაა, ასევე სამართლიანად მიმაჩნია მისი ჟურნალისტების, ოპერატორებისა და სხვა თანამშრომლების (მათ შორის მენეჯმენტის წარმომადგენლებისთვისაც) აქციათა გარკვეული ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემა, რაც ვფიქრობთ, სამართლიანი, დამატებითი კომპენსაცია იქნება მათთვის. ბოლოს გვინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადოთ "ინფო 9-ის" და "მე-9 არხის" ჟურნალისტების, ოპერატორების, მენეჯმენტის წარმომადგენლებისა და სხვა თანამშრომლების აბსოლუტურ უმრავლესობას, რადგან მათ ჩვენი სახელმწიფოსთვის ურთულეს პერიოდში უაღრესად დიდი წვლილი შეიტანეს თავისუფალი სიტყვის დაცვისა და შესაბამისად, საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში! აქვე მინდა, დავძინო, რომ მათი რაც შეიძლება, დიდი უმრავლესობისათვის სამუშაო ადგილების შენარჩუნების მცდელობა უაღრესად მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, რადგან მათ ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე ეს უდაოდ დაიმსახურეს!", - ნათქვამია განცხადებაში.