არჩილ გეგეშიძე:  შემოდგომა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება

არჩილ გეგეშიძე: შემოდგომა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება

საქართველოს ელჩი აშშ-ში, არჩილ გეგეშიძე საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივას საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნასა და გაძლიერებაში ხედავს.

როგორც არჩილ გეგეშიძემ ჟურნალისტებს ამბასადორიალზე განუცხადა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დღეს ძალიან მაღალ დონეზეა ასული და შემოდგომა ორი ქვეყნის ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება.

"ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები მრავალგვარია და დღეისთვის მათი მთავარი ფოკუსია - სირია. იმის მიხედვით, როგორ განვითარდება იქ მოვლენები, ამაზე იქნება დამოკიდებული ამერიკის ინტერესი ახლო აღმოსავლეთის მიმართ, მაგრამ სამხრეთ კავკასია და საქართველო ამერიკის ინტერესებში მუდმივად დარჩება, სხვა საკითხია რა დოზით და რა ინტენსივობით. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე მოვლენების ბუნება და ხასიათი, თუ რამდენად შევძლებთ გასული წლის არჩევნების შედეგად დაწყებულ პოზიტიურ დინამიკას", - აღნიშნა გეგეშიძემ.

ელჩის თქმით, თუ პოზიტიური, დემოკრატიული გარდაქმნები და დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა საქართველოში ტენდენციის ხასიათს შეიძენს, ის ქართულ-ამერიკული ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე გავლენას აუცილებლად მოახდენს.

სასტუმრო "რედისონში " დღეს ამბასადორიალი გაიხსნა. სამდღიან შეხვედრას ესწრებიან როგორც საქართველოს ელჩები საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა. ამბასადორიალის მუშაობაში სრული შემადგენლობით მონაწილეობს მინისტრთა კაბინეტიც.