3 სექტემბერს პარლამენტი მუშაობას განაახლებს

3 სექტემბერს პარლამენტი მუშაობას განაახლებს

ხვალიდან პარლამენტი მუშაობას განაახლებს. საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს გაიხსნება, როგორც ამას პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს. 

პარლამენტში თავდაპირველად ბიუროს სხდომა ჩატარდება, რომელიც ხვალ, 15:00 საათისთვის არის დანიშნული. პლენარული სხდომები კი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირინა იმერლიშვილის ცნობით, 4, 5 და 6 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი, თუმცა ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ბიურო მიიღებს.

რაც შეეხება საშემოდგომო სესიის დღის წესრიგს, პარლამენტი კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისთვის ემზადება.

ამასთან, იმერლიშვილი თქმით, ინიცირებული იქნება 160 კანონში შესატანი ცვლილებების პროექტები, რომელიც ახლად არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედებულ კონსტიტუციასთან კანონების შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს. დეპუტატის განმარტებით, ამათგან ზოგი ტექნიკური ტიპის ცვლილებაა, ზოგიც - შინაარსობრივი ხასიათის.

გარდა ამისა, იმერლიშვილის ინფორმაციით, პარლამენტს უახლოეს სესიაზე პრეზიდენტის სამი ვეტოს დაძლევა მოუწევს. კერძოდ, დეპუტატის ცნობით, მიხეილ საააკაშვილმა ვეტო "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონპროექტს, "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებს და პარლამენტის მიერ მიღებულ იმ საკანონმდებლო ინიციატივას დაადო, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისთვის სტატუსის შეცვლაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითვალისწინებს.

უნდა აღინიშნოს, რომ რეგლამენტი პარლამენტს შესაძლებლობას აძლევს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მუშაობა შეაჩეროს და არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში სხდომები არ გამართოს. თუმცა როგორც ამასთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსს" იმერლიშვილმა განუცხადა, სავარაუდოდ, აღნიშნულ ერთთვიან პერიოდს არჩევნებისთვის არ გამოიყენებენ, რადგან ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა საკითხების განხილვა ვერ მოესწროს.