ამბასადორიალზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის ტექსტი

ამბასადორიალზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის ტექსტი

მოგესალმებით ყველას,

მივესალმები პატივცემულ სტუმრებს,

მადლობა მინდა ვუთხრა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამბასადორიალზე მოწვევისათვის.

ბატონებო,

დღევანდელ შეხვედრაზე მინდა გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრებები ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მთავარ საკითხებთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება და ეს გახლდათ ხელისუფლების კონსტიტუციური გზით შეცვლის პირველი პრეცედენტი საქართველოში.

ქართველმა ამომრჩეველმა გამოიჩინა  პოლიტიკური სიმწიფე და  მოგვცა საშუალება სწორედ ამ არჩევნებით დაგვეწყო დემოკრატიული ცვლილებები ქვეყანაში. ჩვენი ხალხის დამსახურებაა ის, რომ ჩვენ დღეს შეგვიძლია ვაშენოთ დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა, დავამკვიდროთ ევროპული ღირებულებები, რომლებიც ასე ახლობელია ჩვენი ხალხისთვის.

პირველ რიგში, მინდა შევეხო ხელისუფლების პრიორიტეტებს, იმ მიზნებს, რომელთა შესრულებასაც ჩვენ ხალხს შევპირდით.

ჩვენი უმთავრესი მიზანია დავიცვათ ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები, დავამკვიდროთ კანონის უზენაესობა, შევქმნათ დემოკრატიული ინსტიტუტები, გამჭვირვალე გავხადოთ სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი, განვავითაროთ სოციალური პოლიტიკა, რაც გახდება თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობის საწინდარი.  

ამ მიზნების მისაღწევად ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო საკონსტიტუციო და სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების განხორციელება და, მინდა აღვნიშნო, რომ  უკვე გარკვეულ წარმატებებსაც მივაღწიეთ - აღდგა ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის ბალანსი და კონტროლი; განხორციელდა სასამართლო სისტემის რეფორმა, რომელიც დაემყარა არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს; მიმდინარეობს მთელი რიგი სოციალურ-ეკონომიკური რეფორმები და  მათი შედეგები უკვე იგრძნო ჩვენი საზოგადოების დიდმა ნაწილმა, განსაკუთრებით - სოციალურად დაუცველმა ფენამ.

უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ პოლიტიკური თანაარსებობის რეჟიმში ვმუშაობთ, რისი გამოცდილებაც საქართველოს აქამდე არ ჰქონია. მოგეხსენებათ, ურთიერთობის ასეთ ფორმას თან ახლავს ობიექტური სირთულეები, მაგრამ ამის მიუხედავად, თანამშრომლობა  ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე მაინც შედგა.  

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დემოკრატიზაციის გზაზე  მიღწეული წარმატებები მაძლევს იმედს, რომ ჩვენს ქვეყანას უფრო მეტად გაეხსენება გზა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და ახლა მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვთქვა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია.  

ჩვენ ყველას, ხალხსაც და ხელისუფლებასაც, კარგად გვესმის, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ერთადერთი გზაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს ჩამოაყალიბოს ნამდვილი დემოკრატია. მხოლოდ ეს განაპირობებს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებასა და  დემოკრატიულ განვითარებას.

ამ თვალსაზრისით საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იქნება ვილნიუსის სამიტი. მჯერა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები ძალისხმევას არ დაიშურებენ  ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებისა და შემდგომ წარმატებით ხელმოწერის უზრუნველსაყოფად. ამავე დროს, თუ დღეს ჩვენ ვილნიუსის სამიტისთვის ვემზადებით და კონკრეტული მოკლევადიანი ამოცანების განხორციელებისთვის ვზრუნავთ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საჭიროა სამიტის შემდგომ მიზნებსა და პერსპექტივებზეც ვიფიქროთ.

ბატონებო,

ნატოს წევრობა საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ  ჩვენი ქვეყანა სხვა ასპირანტ ქვეყნებთან ერთად ნატოს გაფართოების შემდეგ ტალღაში აღმოჩნდეს.

ჩვენს ქვეყანას თავისი წვლილი შეაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ამ მხრივ აღსანიშნავია საქართველოს მონაწილეობა  ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში. ჩვენს ხელისუფლებას კარგად აქვს გაცნობიერებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ამ მისიის შესრულება. საქართველოს მთავრობა ღირსეულ პატივს მიაგებს ავღანეთში დაღუპულ  ჩვენს გმირებს. მთავრობამ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს უპრეცედენტო (ასი ათასლარიანი) კომპენსაცია გამოუყო. კარგად გვესმის, რომ დანაკლისს ვერაფერი აანაზღაურებს, მაგრამ ეს არის მათ მიმართ მოწიწების გამოხატულება.

საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანია სტრატეგიული თანამშრომლობა  ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც  სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიით განსაზღვრული პირობებით წარიმართება. ეს თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ინტერესებს და მათ მისაღწევად სხვადასხვა სფეროში ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებას.

რაც შეეხება საქართველოს ურთიერთობებს რეგიონში, მიმაჩნია, რომ საჭიროა ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური  თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება რეგიონის ქვეყნებთან, კერძოდ, აზერბაიჯანთან, თურქეთთან და სომხეთთან. საქართველო თავისი უახლოესი მეზობლებისთვის უნდა იქცეს ურთიერთსასარგებლო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობებისა და ბიზნესშესაძლებლობების რეალიზაციის სივრცედ. მე ჩემი პირველი ოფიციალური  ვიზიტები სწორედ ამ ქვეყნებში განვახორციელე და  მეგობრული ურთიერთობები დავამყარე მათ პოლიტიკურ ლიდერებთან, რაც ძალიან მახარებს. მოვუწოდებ აზერბაიჯანში, თურქეთსა და სომხეთში  აკრედიტებულ საქართველოს ელჩებს  გააღრმაონ და განავითარონ ეს კეთილმეზობლური ურთიერთობები.

მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, და ამ კონტექსტში განხორციელებულ არაღიარების პოლიტიკასა და ჩვენი დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევას.

მნიშვნელოვანია ბალტიის ქვეყნების გამოცდილება, მათი მხარდაჭერა ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესში.  ჩემი ამასწინანდელი ვიზიტები ლიტვასა და პოლონეთში ამ მხრივ ძალიან წარმატებული იყო და, იმედი მაქვს, ასეთივე შედეგიანი იქნება ჩემი სტუმრობა ლატვიასა და ესტონეთში, რომელიც სულ რამდენიმე დღეში შედგება.

ამავე დროს, საჭიროა მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების განვითარება  შავი ზღვის აუზის ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი და ბულგარეთი. ამასთან, საქართველოს, როგორც სუამის თავმჯდომარე ქვეყანას, აქვს პოტენციალი ამ საინტერესო საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობის გასააქტიურებლად, და ამის ნიშნები უკვე იკვეთება.

ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის  ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ტრანსნაციონალური პროექტების განსახორციელებლად და განვავითაროთ ეკონომიკური თანამშრომლობა შავი და კასპიის ზღვების აუზების, ახლო აღმოსავლეთისა და აზიის სახელმწიფოებთან. საჭიროა გავააქტიუროთ ეკონომიკური დიპლომატია ამ ქვეყნებთან. ამიტომ თხოვნა მექნება ჩვენს ელჩებთან, ამ ქვეყნებში უფრო აქტიურად იმუშაონ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იაპონიის, ჩინეთის, ბრაზილიისა და ინდოეთიის მზარდ და დიდ ეკონომიკებთან თანამშრომლობა და პირდაპირი ინვესტიციების მოძიება.  უნდა ვიმუშაოთ აგრეთვე კონტაქტების გაფართოებაზე აზია-ოკეანეთის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის სხვა  ქვეყნებთანაც.

ბატონებო,

ჩვენს  ქვეყანას კიდევ ერთი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი. ჩვენი ხელისუფლების მტკიცე პოლიტიკური ნებაა ჩავატაროთ ნამდვილად თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები, არჩევნები, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლას, ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური კულტურის სიმწიფეს,  არჩევნები, რომლის შედეგშიც ეჭვს აღარავინ შეიტანს.  

ჩვენს მოქალაქეებს, ყველა ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა  თავისუფლად მისცეს ხმა პრეზიდენტობის  ნებისმიერ კანდიდატს, საკუთარი პოლიტიკური გემოვნების შესაბამისად. ყველა უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მისი ხმა უმნიშვნელოვანესია, რომ ხალხი თავად წყვეტს, როგორ ქვეყანაში იცხოვროს. სახელწიფო კი ყველაფერს იღონებს, რომ  მოქალაქეებისთვის კოსტიტუციით მინიჭებული საარჩევნო უფლება იქნეს დაცული და არავის გაუჩნდეს განცდა, რომ სადმე ეს უფლება დაირღვა.

მე ვიცი, რომ წინა არჩევნების დროს უხეშად ირღვეოდა საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის კონსტიტუციით მინიჭებული საარჩევნო  უფლება. იყო შემთხვევები, როდესაც დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები მიკერძოებულ დამოკიდებულებას იჩენდნენ მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ და არაფრად აგდებდნენ ჩვენი მოქალაქეების უფლებებს. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ, ეს აღარ უნდა განმეორდეს.

ყველას უნდა ახსოვდეს, რომ დიპლომატიური სამსახური ქვეყნის სამსახურშია და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის. ჩვენმა ხელისუფლებამ უკვე გადადგა ნაბიჯები ამ ხარვეზების გამოსასწორებლად. მჯერა, რომ ყოველი თქვენგანი, საქართველოს ყველა წარმომადგენლობა უცხოეთში მთლიანად აცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას, მჯერა, რომ თქვენ ღირსეულად გაართმევთ თავს ამ უმნიშვნელოვანეს ამოცანას და იქნებით გარანტი იმისა, რომ ყველა ჩვენი მოქალაქის საარჩევნო უფლება იქნება უზრუნველყოფილი და დაცული. მე ვენდობი თქვენს პროფესიონალიზმს.  დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ წარმატებით, კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით ჩავატაროთ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები და გადავიდეთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე.

გმადლობთ ყურადღებისათვის.

ვუსურვებ ამბასადორიალს ნაყოფიერ და წარმატებულ საქმიანობას.