თბილისში დღეს ამბასადორიალი გაიხსნება

თბილისში დღეს ამბასადორიალი გაიხსნება

2-4 სექტემბერს თბილისში ამბასადორიალი გაიმართება. ამბასადორიალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გახსნის. მინისტრი თავის მოხსენებაში დიპლომატური სამსახურის მიერ გაწეულ საქმიანობას შეაფასებს. ასევე ისაუბრებს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და შემდგომი მუშაობის ძირითად მიმართულებებზე. 

ამბასადორიალის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. ამბასადორიალის მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ და სიტყვით გამოვლენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მიწვეულები არიან საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური კორპუსი, სუამის გენერალური მდივანი.

სამი დღის განმავლობაში ამბასადორიალის მონაწილეები განიხილავენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებეს და იმსჯელებენ ქართული დიპლომატიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

ამბასადორიალზე ასევე განხილული იქნება შემდეგი თემები: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფისა და სუვერენიტეტის განმტკიცების ამოცანები, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საქართველოს ეკონომიკური განვითარება, საქართველოს კულტურული და ჰუმანიტარული საკითხები, ადამიანის უფლებების დაცვის და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხები, ორმხრივი და მრავალმხრივი დიპლმატიური ურთიერთობები, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები, ადმინისტრაციულ საორგანიზაციო და საკონსულო საკითხები.