ქართველი დიპლომატების მეუღლეებისთვის ღონისძიება გაიმართება

ქართველი დიპლომატების მეუღლეებისთვის ღონისძიება გაიმართება

თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის ფარგლებში, 3 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლების ხელმძღვანელთა მეუღლეებისთვის ღონისძიება გაიმართება. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ელჩების მეუღლეთა ჩართულობას დიპლომატიური მისიების საქმიანობაში, მათ გააქტიურებას საზღვარგარეთ საქართველოს კულტურის, ისტორიისა და მიღწევების წარმოჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით.

"პროგრამის ფარგლებში გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზე სამინისტროს თანამშრომლები ქალბატონებს გააცნობენ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, ასევე ადგილსამყოფელ ქვეყნებში მათ სამართლებრივ უფლებებს. ღონისძიებას მოწვეული სტუმრების სახით დაესწრებიან საქართველოში აკრედიტებული ელჩების მეუღლეები; მათ საშუალება ექნებათ ჩაერთონ პროგრამის მიმდინარეობაში, მოისმინონ საინტერესო ლექციები საქართველოს კულტურის, ხელოვნების, ისტორიის შესახებ.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში, რომელიც ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო ცენტრში გაიმართება, წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული სამოსი და ქართველ დიზაინერთა კოლექციის ჩვენება", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე განმარტებით, დღის ბოლოს, პროგრამის მონაწილეები დაესწრებიან რუსთაველის თეატრში ლიანა ისაკაძის კონცერტს "კულტურა საზღვრებს გარეშე".

რაც შეეხება უშუალოდ ამბასადორიალს, მას მინისტრი მაია ფანჯიკიძე სასტუმრო "რედისონში" დღეს გახსის.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტი, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერები, პარლამენტის მუდმივი კომიტეტების თავმჯდომარეები, პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, გენერალური პროკურორი, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და თბილისში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები და სუამ-ის გენერალური მდივანი დაესწრებიან.