იაშვილის კლინიკის ახალი მფლობელის წარმომადგენლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

იაშვილის კლინიკის ახალი მფლობელის წარმომადგენლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

იაშვილის კლინიკის ახალი მფლობელის, კომპანია "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის" წარმომადგენელ თექინ ატიკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. კომპანია "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის" მფლობელობაში იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაც შედის, რომლის ერთ-ერთმა ექიმმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას დეტალურად აღწერა რეანიმაციულ განყოფილებაში ორი დღის წინ მომხდარი ინციდენტი.

"ორი დღის წინ, ღამით თურქი მეპატრონე თექინ ატიკი ნასვამ მდგომარეობაში რეანიმაციაში შევარდა. თურქულად ყვიროდა და იგინებოდა. რაღაც დისკეტა ჰქონდა მოტანილი, რომელიც კომპიუტერში არ ჩაიტვირთა. ამაზეც კიდევ უფრო განერვიულდა და აპარატურის მტვრევა დაიწყო. ხელში აიღო კომპიუტერი და მაგიდაზე დაანარცხა. საპატურლო პოლიციაც მოვიდა და თვითმხილველებს ჩვენება ჩამოართვა. თექინ ატიკის ყვირილი მეხუთე და მეოთხე სართულებზეც კი ესმოდათ",-განაცხადა ინციდენტის თვითმხილველმა, რომელმაც ვინაობის დასხელებისგან თავი შეიკავა.

მისივე ინფორმაციით, თექინ ატიკი ღამით კლინიკის განყოფილებებში ჩუმად დადის და თუ რომელიმე თანამშრომელს მძინარეს ნახავს, ფოტოსურათებს უღებს.

"ინტერპრესნიუსმა" აღნიშნული ინფორმაცია იაშვილის კლინიკის ადმინისტრაციაში გადაამოწმა, სადაც ინციდენტის შესახებ ინფორმცია დაადსტურეს და აღნიშნეს, რომ თექინ ატიკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ამასთან, ექიმები დღეს, 11.00 საათზე იაშვილის სახელობის კლინიკის წინ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

კომპანია "ავანტე ჰოსპიტალ მენეჯმენტ გრუპის" 5 კლინიკა თურქულ-გერმანულმა კომპანია "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპმა" შეიძინა, რომლის წარმომადგენელიც არის თექინ ატიკი.

"უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპმა" იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში, ციციშვილის სახელობის ბავშვთა "ახალ კლინიკაში", პედიატრიის, ალერგოლოგიისა და რევმატოლოგიის ცენტრში, ქალთა სამედიცინო ცენტრ "ახალ სიცოცხლეში" და ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში 20 მილიონ 500 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა.

არსებული ინფორმაციით, ახალი მფლობელი აღნიშნულ კლინიკებში 25 მილიონი აშშ დოლარის ტექნიკურ გადაიარაღებას და ახალი აპარატურის შემოტანას აპირებს.