სალომე ზურაბიშვილი:  ვემზადები პრეზიდენტის ადგილის დასაკავებლად

სალომე ზურაბიშვილი: ვემზადები პრეზიდენტის ადგილის დასაკავებლად

პარტია "საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი ცესკო-დან პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, - ამის შესახებ ზურაბიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, დავით უსუფაშვილთან არ უსაუბრია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან და არც მის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით არსებულ საკითხებზე, რადგან, როგორც აღნიშნა, ცესკოსთან პარლამენტის თავმჯდომარეს შეხება არ აქვს და ცესკოზე ზეწოლა არ უნდა მოხდეს. ზურაბიშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა ქვეყანაში არსებულ პოლიტკური საკითხებს და პოლიტიკურ ვითარებას.

"მაინტერესებდა ამასთან დაკავშირებით მისგან მიმეღო ინფორმაცია, გამეგო მისი ხედვა, რადგან მე ვემზადები ძალიან სერიოზული კამპანიისთვის, ვემზადები პრეზიდენტის ადგილის დასაკავებლად. ასევე ვუთხარი, რა ტიპის პრეზიდენტი ვიქნები, რა ურთიერთობა მექნება უმრავლესობასთან", - აღნიშნა ზურაბიშვილმა. მისი აზრით, საქართველოში პრეზიდენტი არ უნდა იყოს ჩასაფრებულ პოზიციაში უმრავლესობასთან, არამედ ის უნდა აბალანსებდეს ვითარებას და სტაბილურობას უზრუნვეყოფდეს ქვეყანაში.

ზურაბიშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ცესკოში განცხადებას ხვალ შეიტანს. "თუ ეს საკითხი ცესკოში არ გადაწყდება, საკითხი გადაწყდება სასამართლოში, თუმცა, იმედი მაქვს, ცესკოში გადაწყდება", - აღნიშნა მან.