პაატა ზაქარეიშვილმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

პაატა ზაქარეიშვილმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ცერემონია ფონდ "მოლოდინის" ორგანიზებით, დიღმის ძმათა სასაფლაოზე გაიმართა.

"აფხაზეთის ომის დროს და ომის შემდეგ დაღუპულების შესახებ სიმართლის დადგენა, მათი გადმოსვენება და დაკრძალვა ჩემი მონაწილეობითაც ხდებოდა. ამ სასაფლაოზე დაკრძალულთა მნიშვნელოვანი ნაწილი უცნობი ჯარისკაცები არიან. ამდენად, აქ ყოფნა ჩემთვის არა უბრალოდ, ვალის მოსახდელად ცერემონიაში ფორმალური მონაწილეობა, არამედ იგივე ტკივილია, რაც აქ დაკრძალულთა ოჯახებს აქვთ. ეს ყველაფერი მაგალითი უნდა იყოს მათთვის, ვინც შეიძლება, ფიქრობდეს, რომ ომით შესაძლებელია რაიმეს გადწყვეტა - ომს მოაქვს ადამიანების დაღუპვა, დაკარგვა, დასახიჩრება, დევნილობა და არა რაიმე პრობლემების გადაჭრა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ღონისძიებაში ფონდ "მოლოდინის", საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები და ძმათა სასაფლაოზე დაკრძალულთა ოჯახების წევრები მონაწილეობდნენ. სასაფლაოზე შეკრებილებმა საფლავები და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.