საფრანგეთი არ გამორიცხავს, რომ სირიაში სამხედრო მოქმედებები მომავალი კვირის ოთხშაბათამდე დაიწყოს

საფრანგეთი არ გამორიცხავს, რომ სირიაში სამხედრო მოქმედებები მომავალი კვირის ოთხშაბათამდე დაიწყოს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სირიაში სამხედრო ინტერვენციაზე უარის თქმის შესახებ გავლენას არ იქონიებს საფრანგეთის სურვილზე, შეუერთდეს აშშ-ის. ამის შესახებ ბრიტანული "გარდიანი" იუწყება. 

"ყოველი სახელმწიფო სუვერენულია და თვითონ წყვეტს, მიიღოს თუ არა მონაწილეობა საომარ ოპერაციებში. ეს ეხება ბრიტანეთსა და საფრანგეთსაც", - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა გაზეთ Le Monde-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისივე განცხადებით, საფრანგეთი განიხილავს სხვადასხვა ვარიანტებს სირიაში სამხედრო ინტერვენციასთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მიზეზთა გათვალისწინებით მიიღებს.

ფრანსუა ოლანდი არ გამორიცხავს, რომ სამხედრო მოქმედებები სირიაში, შესაძლოა, მომავალი კვირის ოთხშაბათამდე დაიწყოს, როდესაც ამ საკითხზე დებატებისთვის საფრანგეთის პარლამენტი შეიკრიბება.

ამასთან, თეთრი სახლის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "პრეზიდენტი ბარაქ ობამა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას აშშ-ის ინტერესებით იხელმძღვანელებს".
ბარაქ ობამას აზრით, ქვეყნებმა, რომელთაც ქიმიური იარაღის გამოყენებით საერთაშორისო ნორმები დაარღვიეს, პასუხი უნდა აგონ.

ხუთშაბათს, ნიუ იორკში, სირიის საკითხზე სასაუბროდ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. თუმცა, საბჭოს წევრმა ქვეყნებმა – რუსეთმა, აშშ-მ, ჩინეთმა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა – ამ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

სირიაში 2011 წელს დაწყებულ კონფლიქტს დღემდე 100 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 1,7 მილიონზე მეტი კი იძულებით დევნილია.