მუსლიმი მრევლი მიიჩნევს, რომ საპატრიარქო მუსლიმთა სამლოცველოს საკითხის მოგვარებაში არ უნდა ერეოდეს

მუსლიმი მრევლი მიიჩნევს, რომ საპატრიარქო მუსლიმთა სამლოცველოს საკითხის მოგვარებაში არ უნდა ერეოდეს

ჭელის მოსახლეობა, რომელიც ამ დრომდე ბათუმში იმყოფება, საპატრიარქოს და მუსლიმთა სამმართველოს ერთობლივ განცხადებას, ჭელის მინარეთის საკითხთან დაკავშირებით, ნაწილობრივ ეთანხმება, თუმცა მსულიმი მრევლი მიიჩნევს, რომ საპატრიარქო მუსლიმთა სამლოცველოს საკითხის მოგვარებაში არ უნდა იყოს ჩართული.

როგორც ჯავახეთის მუფთმა მამუკა ვაშყმაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, მუსლიმთა პრობლემებს უნდა წყვეტდეს საქართველოს მთავრობა, სახელმწიფო და არა საპატრიარქო. მისივე თქმით, ჭელის მოსახლეობა ბათუმში დარჩება მანამდე, სანამ მინარეთი სოფელში არ დაბრუნდება.

"დღევანდელი შეთანხმებიდან გამომდინარე, რასაც ვითხოვდით, რომ მინარეთი დაბრუნებულიყო სოფელში, მივესალმებით ამ შეხვედრას, თუმცა, მიგვაჩნია, რომ ჭელის მინარეთის საკითხის გადაწყვეტაში საპატრიარქო არ უნდა მონაწილეობდეს. აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მთავრობამ. ჩვენ ვრჩებით ბათუმში, ვიდრე მინარეთი ჭელაში არ დაბრუნდება", _ აღნიშნა მამაუკა ვაშაყმაძემ.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძემ აღნიშნა, ორი რელიგიის სასულიერო პირთა შეხვედრა, მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, მისასალმებია. ტარიელ ნაკაიძე იმყოფებოდა საპატრიარქოში, იმ შეთანხმების მიღწევის დროს, სადაც გადაწყდა, რომ ჭელის მეჩეთის მინარეთი დაუბრუნდებოდა სოფელს. ნაკაიძის თქმით, შეხვედრა ემსახურებოდა კონფლიქტის განმუხტვას.

"ჩვენი შეხვედრა ემსახურებოდა კონფლიქტის განმუხტვას, რომელიც ორი რელიგიის წარმომადგენლებს შორის წარმოიქმნა ჭელის მეჩეთის მინარეთის გამო. ადამიანებს, რომლებიც ითხოვდნენ მინარეთის დაბრუნებას, ვეცდებით ავუხსნათ, რომ სახელმწიფომ უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა", _ აღნიშნა ტარიელ ნაკაიძემ. მისივე თქმით, ჭელის მინარეთი ამ დრომდე თბილისში რჩება, თუმცა, სავარაუდოდ, მინარეთის ტრანსპორტირება ჭელაში დღეს საღამოს ან ხვალ დილით მოხდება. ჭელის მოსახლეობა ამ დრომდე ბათუმის მეჩეთთან რჩება.