"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, პარტიის რამდენიმე კოორდინატორი პროკურატურაში დაიბარეს

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, პარტიის რამდენიმე კოორდინატორი დღეს პროკურატურაში დაიბარეს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც კონკრეტულ ფაქტებზეც საუბრობს.

"ქართული ოცნების", მათ შორის თავად პრემიერ-მინისტრისა და საპრეზიდენტო კანდიდატის არაერთი საჯარო განცხადების მიუხედავად, რომ საარჩევნო კამპანია, კანონიერ, ღია და გამჭვირვალე გარემოში გაიმართება, ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს: გრძელდება პირდაპირი ტერორი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისა და აქტივისტების მიმართ, იმ პირობებში როცა პარტიის გენერალური მდივანი დაჭერილია, რაიონებში პარტიის თავმჯდომარეებსა და ლიდერებს აკავებენ, იბარებენ სამართალდამცავ ორგანოებში და აიძულებენ დატოვონ მოქმედი თანამდებობები და გათავისუფლების პირობად პარტიულ აქტივობაზე უარის თქმას უყენებენ (ქობულეთის, ადიგენის და ვანის გამგებლები, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე). ცალკე აღსანიშნავია, რომ ყველა კონკრეტულ ფაქტზე წერილობით იქნა ინფორმირებული საარჩევნო უწყებათაშორისი კომისია, რომლის მხრიდანაც რეალური რეაგირება ჯერჯერობით, ნამდვილად არ ხდება. ზეწოლა, უკვე პარტიის აქტივისტებზე გადავიდა: ფოთში, დღეს 16.00 სთ-ზე პროკურატურაში დაიბარეს მალთაყვის #5 უბნის კოორდინატორი ნუგზარ გოგუა, #7 უბნის კოორდინატორი გრიგოლ ღვანია და #34 უბნის კოორდინატორი ლუიზა ჯოლოხავა. მათ დაუკავშირდა უბნის ინსპექტორი ვინმე შენგელია და პროკურატურაში გამომძიებელ წულაიასთან დაიბარა", - აცხადებენ პარტიაში.

"ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო უწყებათაშორის კომისიას და არასამთავრობო სექტორს მიმართავს და აღნიშნულ ფაქტზე "სასწრაფო რეაგირებისკენ" მოუწოდებს.

"მივმართავთ საარჩევნო უწყებათაშორის კომისიას და არასამთავრობო სექტორს მოახდინონ პრევენცია პარტიის აქტივისტებზე ზეწოლის მომავალ ფაქტებზე, რათა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" შეძლოს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება", - აღნიშნავენ პარტიაში.