ქრისტიანული სამყარო მარიამობას ანუ ყოვლადწმიდა ღვმთისმშობლის მიძინებას აღნიშნავს

ქრისტიანული სამყარო მარიამობას ანუ ყოვლადწმიდა ღვმთისმშობლის მიძინებას აღნიშნავს

28 აგვისტოს, ქრისტიანული სამყარო დიდ საეკლესიო დღესასწაულს - მარიამობას ანუ ყოვლადწმიდა ღვმთისმშობლის მიძინებას აღნიშნავს.
ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვა-ლოცვას აღავლენს.

საეკლესიო განმარტებით, ღვთისმშობლის მიძინება უფლის ზეცად ამაღლებიდან მეჩვიდმეტე წელიწადს, იერუსალიმში, სიონში, წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახლში მოხდა, სადაც წმინდა მარიამი მიძინებამდე ცხოვრობდა. ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, სწორედ ამ დღეს ხდება ღვთისმშობელთან ჩვენი შეხვედრა, რათა მოციქულების მსგავსად დავილოცოთ მისგან.
ქალწულის ზეცას ამაღლებით, რაც მისი მიძინების შემდგომ მოხდა, ქრისტეს მიმდევრებმა უფალთან დიდი შემწე და მეოხი შეიძინეს. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთიმშობლის შობა, მიძინება (რომელსაც ეკლესია მარხვით ხვდება) და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება - უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

მარიამობის მარხვა 14 აგვისტოდან იწყება და 28 აგვისტოს მთავრდება. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. უცნობია, აგრეთვე, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული. საეკლესიო მოღვაწე ნიკიფორე კალისტას ცნობით, მიძინების დღესასწაულის აღნიშვნა მავრიკიოსის მეფობის დროს დაწესებულა. ანასტასი კესარიელის ცნობით კი, მარიამობის მარხვა საყოველთაო მას შემდეგ გამხდარა, რაც საყოველთაოდ იქცა მიძინების დღესასწაულის აღნიშვნა. ეს დაახლოებით VI საუკუნეში, ლეონ ფილოსოფოსის მეფობის დროს მომხდარა.