ზურაბ ხარატიშვილს უფლებამოსილება ოფიციალურად ხვალ შეუწყდება

ზურაბ ხარატიშვილს უფლებამოსილება ოფიციალურად ხვალ შეუწყდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს უფლებამოსილება ოფიციალურად ხვალ შეუწყდება. 

ცესკო-ს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს მე-15 დღისა პრეზიდენტი სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ, თავმჯდომარის თანამდებობაზე ცესკოს 3 კანდიდატურა უნდა წარუდგინოს. ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული წევრები (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა) თავმჯდომარეს 5 დღის ვადაში ირჩევენ.

თუ აღნიშნული წესით ცენტრალური საარჩევნო კომისია ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, იმავე კანდიდატურებიდან ცესკოს თავმჯდომარეს 7 დღის ვადაში ირჩევს საქართველოს პარლამენტი.
ამ დროისათვის ცნობილია, რომ არასამთავრობო სექტორი პრეზიდენტს გაეროს განვითარების პროგრამის საარჩევნო პროექტების ხელმძღვანელის, თამარ ჟვანიას კანდიდატურას სთავაზობს.

ჟვანია 11-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ 24 აგვისტოს დაასახელა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ განუცხადა, ჟვანიას კანდიდატურის მხარდამჭერებს კიდევ 4 არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა. ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით როდის დაიწყება პრეზიდენტთან კონსულტაციები ჯერ გარკვეული არ არის.

ზურაბ ხარატიშვილმა თანამდებობა 12 აგვისტოს დატოვა. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით.

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის საკითხზე გადაწყვეტილება 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა მიიღოს. თუ პარლამენტმა აღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილება ვერ მიიღო, ამ ვადის გასვლის მომდევნო დღიდან თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება.