"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ე.წ. მაყურებლების რაოდენობა 700-ს აღწევდა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძე დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრის აკაკი მინაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ციხეებში კრიმინალის დაბრუნებაზე საუბრობდა და აცხადებდა, რომ სისტემა, რომელიც "ვარდების რევოლუციის" დროს დაინგრა, "ქართულმა ოცნებამ" აღადგინა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საზოგადოებრივმა ჯგუფმა, რომელშიც გათავისუფლებული პატიმრებიც შედიან, შეკრიბეს ინფორმაცია წინა წლებში ე.წ.მაყურებლების სისტემის შესახებ და სახელდება 73 კრიმინალური ავტორიტეტისგან შექმნილი პირამიდა, რომლის საშუალებითაც ადმინისტრაცია სხვა პატიმრებს მართავდა. ცნობილია ამ მაყურებლების ვინაობები, სახელები და გვარები თუმცა ეს სრული სია არ არის, რადგან გამოძიება გრძელდება.
მისივე თქმით, სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ე.წ. მაყურებლების რაოდენობა 700-ს აღწევდა.
"წინა ადმინისტრაციის პერიოდში, არა თუ რიგით დაწესებულებებში, არამედ ყოფილ სამართალდამცავთა დაწესებულებაშიც, რომელსაც მატროსოვს ეძახიან, იქაც ჰყავდათ ე.წ. მაყურებელი დანიშნული, ვინმე ვახტანგ თიგიშვილი. ერთადერთი დაწესებნულება, სადაც "ნაციონალურ მოძრაობასა" და კანონიერი ქურდების ალიანსს არ ჰყავდა დანიშნული მაყურებელი, ეს იყო გლდანის მე-8 დაწესებულება და ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ დაწესებულება სისხლიან ლომბარდად იყო ქცეული და ყველა პატიმარი, რომელიც ამ ციხიდან გამოვიდა, ამ ციხეს ლომბარდს უწოდებს", - აღნიშნა თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა დღესაც არსებობს სისტემაში, თუმცა ახალი მთავრობა არანაირ გარიგებაში და ალიანსში კრიმინალებთან არ არის შესული.
ამასთან, მან სტატისტიკაც წარმოადგინა იმასთან დაკავშირებით თუ რა ვითარება იყო წინა ხელისუფლების დროს საპატიმროებში.
მისი თქმით, 2004-2012 წლებში გარდაცვლილია 794 პატიმარი, აქედან 34 თვითმკვლელობის შემთხვევაა და მინიმუმ 52 ადამიანი გარდაცვლილია პირდაპირი ძალადობის შედეგად. 2011 წლის მარტში, მხოლოდ ერთ თვეში, გარდაიცვალა 21 მსჯავრდებული, რაც ახალი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მთელი წლის მაჩვენებს მკვეთრად აღემატება.
თალაკვაძის ინფორმაციით, ასეულობით ადამიანი დასახიჩრებულია მხოლოდ ცემის შედეგად ხერხემალზე მიყენებული მძიმე დაზიანებებით. 298 მსჯავრდებული არის იდენფიცირებული, 38 ადამიანს ცემის შედეგად ყურის დაფის აპკები აქვთ გაგლეჯილი, 55 ადამიანს უკვე გაუკეთდა სახის ძვლების და ცხვირის მოტეხილობების რთული ოპერაცია და ბევრი ადამიანი კიდევ საოპერაციო. 150-ზე მეტ პატიმარს ცემის შედეგად შეზღუდული აქვს შესაძლებლობები, უმრავლესობა ეტლს არის მიჯაჭვული.
მისივე თქმით, 66 მსჯავრდებული, რომლებიც ციხეში თავის დროზე ჯანმრთელები შევიდნენ, უმძიმესი ფსიქიატრიული შედეგებით გადაყვანილები არიან ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ბოლო 8 თვის განმავლობაში და მათი გამოჯანმრთელების საკითხი კითხვის ქვეშ დგას. დღეის მდგომარეობით კი, 6 ათასზე მეტი მსჯავრდებული გადაყვანილია სამოქალაქო საავადმყოფოებში, სადაც მათ მკურნალობის სხვადასხვა კურსი ჩაუტარდათ, მათ შორის ქირურგიული.
"მომაკვდავი მსჯავრდებულები ბოლო საათებში სამოქალაქო საავადმყოფოებში გადაჰყავდათ, რათა სიკვდილის შემთხვევები გარეთ დაფიქსირებულიყო და არა ციხეში", - აღნიშნა თალაკვაძემ.
მან ერთ-ერთი მაგალითიც მოიყვანა, როდესაც პატიმარი ინიციალებით რ.გ. ერთი კვირის განმავლობაში კიდურებით დარჩათ ჩამოკიდებული კარცერში და დღეს მას ორივე კიდურის დეფორმაცია აქვს მიღებული და პრაქტიკულად, ქირურგიული ჩარევითაც კი ამ პრობლემის გამოსწორება ვერ ხერხდება.
ასევე როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, გაუპატიურებისა და ცემის შედეგად ერთ-ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა განადგურებულია. ასევე არსებობს მსჯავრდებული, რომელიც 10 თვის განმავლობაში მიბმული ჰყავდათ მძიმე ავეჯზე და დღეს იგი საკნის დანახვაზე გონებას კარგავდ და აქვს ჰალუცინაციები.
"ნაწამები და გაუპატიურებული არაერთი მსჯავრდებულია, მათ შორის ბავშვები. ბევრი პატიმარი ჰყვება, რომ მათი წამება ხდებოდა პროზექტურაშიც, სადაც მათ მიცვალებულებთან ერთად ათავსებდნენ და სასტიკი წამების შემდეგ მიცვალებულებთან ტოვებდნენ. 2009 წლიდან მოყოლებული ასობით ადამიანი გახდა მედიკამენტებზე დამოკიდებული, მათ რეაბილიტაციას წლები და ასიათასობით ლარი დასჭირდება, რადგან ნარკოლოგიურ კლინიკებში გადაყვანილი ხალხი ხშირ შემთხვევაში სრულად ვერ გამოჯანმრთელება. არაერთიო პაციენტის მდგომარეობა დღემდე კრიტიკული რჩება, რადგან ისინი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ", - აღნიშნა თალაკვაძემ.
მისი თქმით, აკაკი მინაშვილმა გუშინდელ ბრიფინგზე ასევე ისაუბრა სხვადასხვა საკითხებზე და მან მინიმუმ ცხრა შეცდომა დაუშვა.
თალაკვაძის განცხადებით, მინაშვილმა ისაუბრა ქსნის დაწესებულებაში კარცერზე, სადაც კარცერი საერთოდ არ არის. ასევე მინასვილმა ისაუბრა საერთო რეჟიმის მაყურებლებზე, თალაკვაძის თქმით, საერთო რეჟიმი სამი წლის წინ გაუქმდა და ეს აჩენს ეჭვს, რომ მის მიერ წარმოდგენილი სქემა არის სამი წლისწინანდელი. ასევე 4 მსჯავრდებული, რომელიც დეპუტატმა დაასახელა, იმ დაწესებულებებში საერთოდ არ იხდიან სასჯელს, ერთი მსჯავრდებული კი, საერთოდ არც წარსულში და არც დღეს არ იხდის სასჯელს.