სოზარ სუბარი:  გრძელვადიანი პაემნების ოთახებში ვიდეოჩამწერები აღმოვაჩინეთ

სოზარ სუბარი: გრძელვადიანი პაემნების ოთახებში ვიდეოჩამწერები აღმოვაჩინეთ

ჩვენ აღმოვაჩინეთ ვიდეოჩამწერები გრძელვადიანი პაემნების ოთახებში, სადაც ზოგიერთი პატიმრის მის მეუღლესთან ცხოვრების სცენები ჰქონდათ გადაღებული, – ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა დღეს განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ასეთ ვიდეოკადრებს პატიმრებისა და მისი ოჯახის წევრების დასაშანტაჟებლად იყენებდნენ.

"არის თემები, რომელზეც საუბარი არ მინდოდა, რადგან არ მინდოდა გამეახლებინა ტკივილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. მაგრამ რადგანაც "ნაციონალური მოძრაობა" არ ჩერდება და მათთვის წესით ყველაზე მტკივნეული თემა რაც უნდა ყოფილიყო, იმაზეც კი ბედავს ლაპარაკს, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ ზოგიერთ დაწესებულებაში, ვიდეოჩამწერები თვით გრძელვადიანი პაემნების ოთახებში, სადაც ზოგიერთი პატიმრის მის მეუღლესთან ცხოვრების სცენები ჰქონდათ გადაღებული. ისინი ამას იყენებდნენ ამ პატიმრების და მათი ოჯახის წევრების შანტაჟისთვის", - განაცხადა სუბარმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი მინაშვილმა გუშინ პრესკონფერენცია გამართა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, დღესდღეობით, ციხეები კრიმინალური ავტორიტეტებისა და ქურდების მიერ სასჯელაღსრულების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით იმართება.