ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმის განხილვას ნაფიცი მსაჯულები 25 აგვისტოს დაიწყებენ

ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმის განხილვას ნაფიცი მსაჯულები 25 აგვისტოს დაიწყებენ

ბიზნესმენ ავათანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმის განხილვას ნაფიცი მსაჯულები 25 აგვისტოს დაიწყებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, 23 აგვისტოს დასრულდა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა ანტონ ადუაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულების ვახტანგ ჩხაპელიას, გელა უბილავასა და კობა ყურუას მიმართ.

"ბრალდებულების ვლადიმერ და რამაზ ქარჩავების მიმართ სისხლის სამართლის საქმეები გამოყოფილ იქნა ცალკე წარმოებად და განიხილება არსებითად ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობის გარეშე, ვინაიდან ბრალდებულმა, რამაზ ქარჩავამ შერჩევის სხდომაზე უარი განაცხადა მის მიმართ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის განხილვაზე, ხოლო ვლადიმერ ქარჩავამ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას, კერძოდ, პროცესზე წარმოდგენილ იქნა სამედიცინო ცნობა, რომლის თანახმადაც ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო და პროცესში მის მონაწილეობას ხელს არ უშლიდა", - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, სხდომაზე განისაზღვრა შერჩეულ კანდიდატთაგან 12 ძირითადი და 3 სათადარიგო ნაფიცი მსაჯული.

ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვა 2013 წლის 25 აგვისტოს, 11:00 საათზე დაიწყება.

ბიზნესმენი ავთო ადუაშვილი 2012 წლის ნოემბერში სავაჭრო ცენტრ "ქარვასლასთან", საკუთარ მანქანაში ჩაცხრილული იპოვეს.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ მკვლელობასთან კავშირშია რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი, რასაც მომღერალი კატეგორიულად უარყოფს.