ნინო ბურჯანაძე:  ყურძენს საპრეზიდენტო ფასი ადევს

ნინო ბურჯანაძე: ყურძენს საპრეზიდენტო ფასი ადევს

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე გურჯაანის რაიონში ამომრჩევლებს ხვდება. 

ბურჯანაძემ, გურჯაანის მოსახლეობასთან შეხვედრისას, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე და სოფლის მეურნეობაში გასატარებელ რეფორმებზე ისაუბრა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, წელს ყურძენს საპრეზიდენტო ფასი ადევს.

"ძალიან კარგია, რომ წელს ყურძნის ფასი ერთი ლარი და ლარნახევარი იქნება, თუმცა ეს ყურძნის საპრეზიდენტო ფასია, რადგან არჩევნებია მოახლოებული. სად იყო მთავრობა ორი თვის წინ, როდესაც გლხებს ატამი დაულპათ ხეებზე?" - აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისივე განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოაბიტაციაშია გართული და ხალხისთვის მიცემული არც ერთი დანაპირები არ შეუსრულებია, რისთვისაც ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

"თქვენ "ქართული ოცნებისთვის" და ბიძინა ივანიშვილისთვის ხმა იმიტომ არ მიგიციათ, რომ დამნაშავე ხელისუფლებასთან ეთანამშრომლა. "ნაციონალური მოძრაობა" აპირებს კიდევ სამი წელი იყოს პარლამეტში და იქიდან გვარიგოს ჭკუა. ამიტომ თუ გინდათ სამართლიანობის აღდგენა, რასაც თქვენ ხმა მიეცით, უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ამისთვის კი 27 ოქტომბერს, უნდა შევძლოთ სამთავრობო კანდიდატის დამარცხება, რომელიც შეხვედრებზე მინისტრებთან ერთად დაიარება და ვაუჩერებს არიგებს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" პრეზიდენტობის კანდიდატი, დღესვე შეხვედრებს გურჯაანის რაიონის სოფლებში, ვეჯინში კაჭრეთსა და ველისციხეში გამართავს.