სოზარ სუბარი:

სოზარ სუბარი: "ნაციონალებმა" ახალ ხელისუფლებას 700-მდე ე.წ.მაყურებელი დაუტოვეს

სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი აბსურდულს უწოდებს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ციხეების კრიმინალური ავტორიტეტების მიერ მართვასთან დაკავშირებით. 

როგორც სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, ციხეებში ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტის გაძლიერება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა.

"მაყურებლები, რომლებიც "ნაციონალებმა" ამა თუ იმ ციხეებში დაასახელეს, იმ ციხეში საერთოდ არ სხედან. დასახელებულების უმრავლესობა გადაკეტილია ცალკე საკანში და ვერანაირად ვერ იქნება მაყურებელი. როდესაც აკაკი მინაშვილი ლაპარაკობს საერთო რეჟიმზე, კანონმდებელია და უნდა იცოდეს, რომ საერთო რეჟიმი გაუქმდა 4 წლის წინ და ასეთი ცნება არ არსებობს ქართულ იურისპრუდენციაში. ეტყობა 4 წლის წინანდელი მაყურებლები ახსოვს მას. როდესაც საუბრობს სასადილოს და საქვაბის მაყურებელზე, ეს სასაცილოა, რადგან ასეთი რამ არ ყოფილა არასდროს", - განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, ახალ ხელისუფლებას "ნაციონალებმა" მემკვიდრეობით 700-მდე მაყურებელი დაუტოვა, მათ შორის 200-მდე ძალიან გავლენიანი.

"ეს იყო, რაც მე დამხვდა, ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც 2012 წლის ოქტომბერში აწყობდნენ არეულობებს რუსთავის #16 დაწესებულებაში, ასევე ქსანში. მათი უმრავლესობა დღეს არის გადაკეტილი და ვერანაირ გავლენას სხვა პატიმრებზე ვერ ახდენს. ნაწილი გაშვებულია და იმალებიან, სახლიდან ვერ გამოდიან, იმიტომ რომ ეშინიათ სხვა პატიმრების შურისძიების, რადგან ისინი ადმინისტრაციის დავალებით, აუპატიურებდნენ და სცემდნენ სხვა პატიმრებს", - განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, სამინისტრო მაქსიმალურად აკონტროლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.