"ვიცი, რომ 0:5 წაგება ცუდია, მაგრამ ჩვენთან ჩემპიონატი სხვა დონისაა, ინგლისში - სხვა", - ამის შესახებ თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა ლონდონის "ტოტენჰემთან" შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, კარგია, რომ გუნდი ასეთი დონის მეტოქეს ეთამაშება, რადგან ფეხბურთელები გამოცდილებას მიიღებენ და კვალიფიკაციას აიმაღლებენ. "დინამოს" მთავარმა მწვრთნელის შეფასებით, ძალიან რთული მატჩი გამოვიდა.
"პირველი სამი გოლი ინდივიდუალური შეცდომების ხარჯზე გავუშვით. გუნდი ცდილობდა ეთამაშა კარგად, მაგრამ ჩვენი ოპონენტი საკმაოდ ძლიერი იყო. არ მინდა სათითაოდ ვილაპარაკო ფეხბურთელებზე. არ მგონია, რომ რომელიმე მათგანს მოტივაცია აკლდა. რა გინდათ, რომ გავაკეთო? ამის გამო ფეხბურთელები გავუშვა გუნდიდან?", - განაცხადა "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა.
რაც შეეხება მის მომავალს, უჰრინის განცხადებით, "ეს ალბათ კლუბის მფლობელს უნდა ჰკითხოთ".
"ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ კონტრაქტით კიდევ ერთი წელი მაკავშირებს "დინამოსთან", - აღნიშნა უჰრინმა.