თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში ხვალ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ღია კარის დღე გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ადამიანის უფლებათა სახლიდან" აცნობეს , სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ღია კარის დღეს "კონსტიტუციის 42-ე მუხლისა" და ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები მოაწყობენ.
"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" და ადამიანის უფლებათა სახლი ჩართული არიან თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტში - "უფასო იურიდიული დახმარება სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის". "ღია კარის დღეზე" იურიდიული კონსულტაციისათვის დასწრება, უშუალოდ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეების გარდა, ასევე შეუძლიათ: პატიმრების ოჯახის წევრებს, პრობაციონერებს, ძალადობისა და წამების მსხვერპლთ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, დევნილებს, პენსიონერებს, მარტოხელა დედებს და საზოგადოების სხვა მოწყვლადი ფენების წარმომადგენლებს", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სამართლებრივ დახმარებას სისხლის სამართლის საქმეებზე უწევენ, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტები კი - სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე.
პროექტის ხანგრძლივობა 12 თვეა. მოქმედებს ცხელი ხაზი - სისხლის სამართლის საკითხებზე: 2 14 80 94; სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საკითხებზე: 2 18 04 71.