საქართველოს კულტურისა და ძეგლთა სამინისტროს მხარდაჭერით, 24– 29 აგვისტოს ბათუმში, ცნობილი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის ხელმძღვანელობით , საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები" გაიმართება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წელს ფესტივალი გონიოს ნაცვლად ქალაქ ბათუმში, საზაფხულო თეატრში ჩატარდება. მასში მონაწილეობას მსოფლიოში ცნობილი, უნიკალური საფესტივალო კამერული ორკესტრი "ფეისბუკის ვირტუოზები" მიიღებს, რომელიც ლიანა ისაკაძის ინიციატივით შეიქმნა.
ექვსი დღის განმავლობაში ფესტივალის ფარგლებში ბათუმს ისეთი ცნობილი ხელოვანები ეწვევიან, როგორებიც არინ: გერმანელი დირიჟორი იუსტუს ფრანცი (Justus Franz), ფრანგი პიანისტი ალექსეი ლიუბიმოვი, მსოფლიოში ცნობილი ავსტრიელი დირიჟორი თომას როზნერი, შვედი ჩელისტი იან-ერიკ გუსტაფსონი, ფინელი პიანისტი ჟანე მერტანენი.
"ღამის სერენადები" ოფიციალურად ქალაქ თბილისში დაიხურება. საზეიმო დახურვა 3 სექტემბერს, რუსთაველის თეატრში გაიმართება. აფხაზეთში, ქალაქ ბიჭვინთაში დაარსებული ფესტივალი მეხუთე წელია აღდგა. წელს ფესტივალს ორგანიზებას საქართველოს კულტურის პალატა გაუწევს.