იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს უმასპინძლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს , იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე ლიბიის სახელმწიფოს დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაფა ბუკაიკისი ხელმძღვანელობს.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დელეგაციის წევრებს გააცნო ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც უკანასკნელი თვეების განმავლობაში სამინისტრომ მართლშეგნების ამაღლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გადადგა.
"საქართველო მხარს უჭერს ლიბიის ახალი ხელისუფლების მისწრაფებას დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მზად არის ლიბიის ხელისუფლებას ანტიკორუფციული, მოქალაქეთა მომსახურების და სხვა წარმატებული რეფორმების შესახებ გამოცდილება გაუზიაროს",-განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
სამინისტროს ინფორმაციით, ვაფა ბუკაიკისიმ აღნიშნა, რომ მათი საქართველოში ვიზიტი ლიბიის ახალი მთავრობის პირველი მცდელობაა ქვეყნებს შორის ორმხრივი ინტენსიური ურთიერთობების დასამყარებლად. ბუკაიკისის განცხადებით, ლიბიის ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობისგან მოისმინოს ინფორმაცია წარმატებული რეფორმების შესახებ. ლიბიის დელეგაცია მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის ძირითადი არსითა და მისი შექმნის მთავარი მიზნებითაც დაინტერესდა. სტუმრებმა შრომის კანონმდებლობაში პირველ ეტაპზე განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებიტაც მიიღეს ინფორმაცია. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეები განხილული თემების ირგვლივ თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.