"მეცხრე არხის" გენერალური დირექტორის, ლუბა ელიაშვილის განცხადებით, ტელევიზიის დახურვის გადაწყვეტილება მან თავად მიიღო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ლუბა ელიაშვილმა განუცხადა, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე არხის მუშაობა შეუძლებელი იყო.
"არხის ბოლო, 21.00 საათიანმა საინფორმაციო გამოშვებამ ძალიან ემოციურად და ექსცესების გარეშე ჩაიარა. საინფორმაციო მიჰყავდა გამოცდილ და პროფესიონალ ჟურნალისტს სოფო ჩაკვეტაძეს. დღის განმავლობაში კი, საინფორმაციო გამოშვებებს უძღვებოდა ასევე პროფესიონალი ნატა. ეს ჟურნალისტები ძალიან თავშეკავებულები იყვნენ ეთერში. თუმცა იმ გადაწყვეტილების ფონზე, რაც იყო მიღებული, ძალიან რთული იყო გადაცემების მომზადება და არხის დახურვის გადაწყვეტილება, როგორც არხის დირექტორმა, ერთპიროვნულად მე მივიღე," – აღნიშნა ელიაშვილმა.
რაც შეეხება პრემიერის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ტელევიზიაში არაპროფესიონალები მუშაობდნენ, ლუბა ელიაშვილი არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც "მეცხრე არხზე" მუშაობდნენ, იყვნენ ღირსეულები და პროფესიონალები.