"თვეში დაახლოებით ერთი მილიონი დოლარი ჯდებოდა "მეცხრე არხის" შენახვა და ამას მხოლოდ იმისთვის ვაკეთებდი, რომ ჟურნალისტები არ დაზარალებულიყვნენ,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ტელეკომპანია "მეცხრე არხის" დახურვის ფაქტის კომენტირებისას ისაუბრა.
პრემიერის თქმით, "ახლა ჟურნალისტები მას ამადლებენ, რომ ისინი ვიღაცამ "გამოიყენა", რეალურად კი, არც ერთი მათგანი უხელფასოდ არ მუშაობდა და ყველა სოლიდურ ანაზღაურებას იღებდნენ".
"მე მახსოვს რამდენიმე რამ მთხოვა ქალბატონმა ლუბამ როდესაც განცხადება გავუგზავნე. ერთი მთხოვა, რომ ამომეღო ის, რომ "ინფო 9" იყო დროებითი პროექტი და ეს იცოდნენ ყველამ, ვისაც ჩვენ ვქირაობდით. მე რამდენჯერმე ვუთხარი ეს ლუბას და ამოვიღე, ეს მთხოვა. მეორე, დამირეკა და მთხოვა, რომ ამომეღო ის, რომ მე ამას ჟურნალისტების გულისთვის ვაკეთებდი. ვკითხე რატომ უნდა ამოვიღო მეთქი, ეს ხომ სიმართლეა და სისწორეა?! პირველი კიდევ მესმის. და ეს დამოკიდებულება საერთოდ უნდათ, რომ გაბრაზებულები და დგანაწყენებულები იყვნენ მაშინ, როდესაც მე აბსოლუტურად თანმიმდევრულად მოვიქეცი. მე ახლა იმ სიტყვას არ ვიხმარ, მაგრამ ჩემთვის ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად გაუმართლებელი და შოკისმომგვრელი იყო როგორი რეაგირებაც მათ გააკეთეს. კიდევ ვიმეორებ - არც ერთი მათგანი არ გადმოსულა და მე არ მიქირავებია CNN-დან და BBC-დან და არც რომელიმე სხვა ცნობილი ტელევიზიიდან. აბსოლუტური უმრავლესობა არაპროფესიონალი ჟურნალისტები იყვნენ და თავისი პროფესია გაიზარდეს,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.