"ძალიან სამწუხარო იყო, როგორც ჟურნალისტები და არხის ხელმძღვანელობა მოიქცნენ,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ტელეკომპანია "მეცხრე არხის" დახურვის ფაქტის კომენტირებისას ისაუბრა.
ივანიშვილის თქმით, იგი ტელეკომპანია "მეცხრე არხის" გაყიდვის საკითხზე მოლაპარაკებებს ისე აწარმოებდა, რომ ამ საკითხის ტირაჟირებით ტელევიზიის საქმიანობა არ დაზარალებულიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც რეალური მყიდველი ვერ მოიძებნა, არსებული მდგომარეობა არხის გენერალურ დირექტორ ლუბა ელიაშვილს გააცნო და ტელევიზიის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.
"ძალიან სამწუხარო იყო, როგორც ჟურნალისტები და არხის ხელმძღვანელობა მოიქცნენ. განცხადებიდან, საინფორმაციო გამოშვების შემდეგ დახურეს ტელევიზია. ამ დროს, თვითონვე ჰქონდათ მათ ეს განცდა, რომ ძალიან ბევრია მყიდველი და მსურველი, რომლებიც მე ვერ ვნახე ისეთი დახურული ქმედებით, როგორიც ვმოქმედებდი, რომ ტელევიზიის ირგვლივ აჟიოტაჟი არ გამომეწვია და ამით ტელევიზიას ჩრდილი არ მიყენებოდა. მე ყველა პოტენციურ მყიდველთან საუბარს ვახერხებდი და წინა პარასკევს საბოლოოდ, ბოლო მყიდველმა უარი თქვა. ამის შემდეგ მე ქალბატონ ლუბა ელიაშვილს მოველაპარაკე, ავუხსენი მდგომარეობა და ვუთხარი, რომ ამაზე გვიან უკვე უხერხული იქნებოდა ტელევიზიის დახურვა და ის განცხადება გავაკეთეთ, როგორიც გავაკეთეთ. ჩემთვის ძალიან უცნაური იყო ჟურნალისტების რეაქცია და თვითონ ხელმძღვანელობის რეაქცია, რომ ადგნენ და გათიშეს არხი. ამ დროს, როგორც თვითონ მიმტკიცებენ, რომ ძალიან ბევრია მსურველი ყიდვისა, შეიძლებოდა არხი კიდევ 10 დღე ყოფილიყო. თუმცა მე ძალიან ეჭვი მეპარება ამაში, რომ სერიოზული მყიდველი იყოს. თუ იქნება, მე მოხარული ვიქნები,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.