არასამთავრობო ორგანიზაციები ცსკ-ის თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტს, სავარაუდოდ, თამარ ჟვანიას კანდიდატურას წარუდგენენ.
როგორც "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, არჩევნების თემატიკაზე მომუშავე 11 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთ კანდიდატზე უკვე შეჯერებულია. ამასთან, ლომჯარიამ კანდიდატის დასახელებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა, თუმცა არ უარყო, რომ ეს შესაძლოა, ჟვანია იყოს.
"მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ შერჩეული კანდიდატი თავისი წარსულიდან, გამოცდილებიდან და პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე უნდა იყოს მისაღები როგორც პრეზიდენტისთვის, ისე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისთვის ცსკ-ში, იმიტომ, რომ კანდიდატი არის არაპარტიული და აქვს ძალიან დიდი გამოცდილება იმ სფეროში, რომელშიც მან უნდა იმუშაოს იმ შემთხვევაში, თუ ცსკ-ის თავმჯდომარე გახდება", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
არასამთავრობო სექტორი პრეზიდენტს თავის კანდიდატურას ხვალ ოფიციალურად წარუდგენს.
თამარ ჟვანია გაერო-ს განვითარების საერთაშორისო პროექტებს ხელმძღვანელობს.