"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ ტელეკომპანია "მე-9 არხის" დახურვა ხელისუფლების მხრიდან მედიის გადანაწილების ახალ სქემას უკავშირდება.
როგორც ჩიორა თქათაქიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პრემიერი ქმნის სქემას, რომლის მიზანიც ტელეკომპანია "იმედის" გაძლიერებაა.
"ყველაფერი გვაფიქრებინებს იმას, რომ "მე-9 არხის" დახურვა მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პროექტი ჩაუვარდა ბიძინა ივანიშვილს. მაგრამ სამაგიეროდ, ის ქმნის ახალ სქემას, რომლის მიზანიც არის, ერთის მხრივ, "იმედის" გაძლიერება, მაგრამ ასევე სხვა ტელეკომპანიების საკუთარი მართვის ქვეშ მოქცევა",-განაცხადა თაქთაქიშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ქართულ მედიასივრცეში ბოლო დროს დაწყებული გადანაწილების პროცესის საბოლოო მიზანი მთელი მედიასივრცის, პირადად ბიძინა ივანიშვილის სრულ კონტროლს დაქვემდებარებაა.
"ეს გასაკვირი არაა, რადგან ივანიშვილი, ამგვარ სურვილს პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღიდან ავლენდა და გამოირჩეოდა უაღრესად აგრესიული რიტორიკით მისთვის მიუღებელი აზრის მქონე ჟურნალისტების მიმართ.
"მე-9 არხის" დახურვამ და ამის პარალელურად, მედიის სფეროში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ გადანაწილების ახალი სქემა უკვე შემუშავებულია. პრემიერ - მინისტრის განცხადება კი, თითქოს მე-9 არხის დახურვა მოსალოდნელი არჩევნების წინ ტელეკომპანიიდან მის დისტანცირებას უკავშირდება, არის უბრალოდ სიცრუე და საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრის მცდელობა.
ხელისუფლების მიერ შემუშავებული მედიის გადანაწილების სქემის ამოცანას ტელეკომპანია "იმედის" ხელოვნურად გაძლიერება და "რუსთავი 2"ის დასუსტება წარმოადგენს.
ამას უკანასკნელი მოვლენებიც ცხადყოფს, კერძოდ, ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტები ორგანიზებულად გადაჰყავთ ტელეკომპანია "იმედში"; პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, გია ხუხაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში საკუთარ თავს უფლებას აძლევს, ისაუბროს ტელეკომპანია "იმედის" სახელით; იქვე ხუხაშვილი კრიტიკულად მიმოიხილავს "მაესტროს" სატელევიზიო ბადის დეტალებს; ჩვენი ინფორმაციით, ამ დღეებში განსაკუთრებული ინტენსივობით მიმდინარეობს ცალკეული ჟურნალისტების გადაბირების პროცესი "ხელისუფლების მიერ კონტროლირებად" ტელევიზიებში; საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ყველაზე დაბალანსებულ მაუწყებლად საყოველთაოდ იყო აღიარებული, უკვე მყარად ექცევა "ქართული ოცნების" კონტროლქვეშ. ამას ევროკავშირის ეგიდით ჩატარებული მედიამონიტორინგი თვალნათლივ ცხადყოფს", -აცხადებენ პარტიაში.