ციხეებში ე.წ.კრიმინალური ავტორიტეტები არსებობენ, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისგან განსხვავებით, ციხის ადმინისტრაციები მათ არ ნიშნავენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიხეილ ღურწკაიამ განუცხადა, რომელიც "ნაციონალების" მიერ დღეს გამოქვეყნებულ "კრიმინალური ავტორიტეტების" მიერ ციხეების მართვის სქემას გამოეხმაურა.
ღურწკაიას თქმით, ყოფილი ხელისუფლება ცდილობდა ციხეებში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ჩაენაცვლებინა და ეს მხოლოდ გლდანის ციხეში შეძლო, სადაც თავად იქცა კრიმინალად.
ის, რომ პატიმრებს ლიდერი ჰყავთ, სად-ის ხელმძღვანელის განცხადებით, ბუნებრივი პროცესია და ყველა ქვეყნის პენიტენციურ სისტემას გააჩნია მსგავსი პრობლემა, თუმცა როგორც ღურწკაია აცხადებს, სასჯელაღსრულების სამინისტროს მაყურებელთა ინსტიტუტის იდეოლოგიის წინააღმდეგ მექანიზმი შემუშავებული აქვს.
"ლიდერის ინსტიტუტის შესახებ, სასჯელაღსრულების სამინისტრომ არაერთხელ გააკეთა განცხადება. კრიმინალური ავტორიტეტები და ლიდერები სასჯელარსრულების სისტემაში რომ არიან და იყვნენ, ეს აბსოლუტურად თვალნათელია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შეეცადა "ნაციონალური მოძრაობა" ჩაენაცვლებინა კრიმინალური ავტორიტეტები და თვითონ გამხდარიყვნენ კრიმინალები, ეს მოახერხეს მხოლოდ #8 დაწესებულებაში, სადაც აუპატიურებდნენ, სცემდნენ და კლავდნენ ხალხს. სხვა ყველა დაწესებულებაში "ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, ბოლო დღემდე იყვნენ კრიმინალური ავტორიტეტები. დღევანდელი ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ისინი ნიშნავდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებს და ისინი იყვნენ გარიგებაში კრიმინალურ ავტორიტეტებთან", - განაცხადა მიხეილ ღურწკაიამ.
მისივე თქმით, "ნაციონალები" ხელკეტის, ცემის, გაუპატიურებისა და მუქარის მექანიზმებით სარგებლობდნენ და ასე ჰქონდათ მმართველობა დამყარებული.
"დღეს ადმინისტრაცია ნამდვილად არ არის გარიგებაში კრიმინალურ ავტორიტეტებთან, მაგრამ თუ დაწესებულებაში პატიმრები თვითონვე გამოავლენენ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს და ლიდერს, ეს ბუნებრივი პროცესია ყველა ქვეყნის ყველა პენიტენციური სისტემისა. ჩვენ ვებრძვით კრიმინალურ ავტორიტეტებს არა პიროვნულად, ჩვენ ვებრძვით იდეოლოგიას და ამისათვის შესაბამისი მექანიზმებიც არსებობს, სტრატეგიაც და გეგმაც, "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, რომელთა სტრატეგია იყო მხოლოდ ძალადობა, გაუპატიურება და ცემა", - განაცხადა ღურწკაიამ.
მისი თქმით, იმით მანიპულირება, რომ დღეს ციხეში ძალადობა არსებობს, "ცინიზმი და სამარცხვინო განცხადებაა, როდესაც 800-მდე ადამიანია მათი მმართველობის პერიოდში მოკლული და გარდაცვლილი სასჯელაღსრულების სისტემაში".
"ახლა დაახლოებით 10-ჯერ არის შემცირებული ძალადობა. გარიგება ქურდულ სამყაროსთან "ნაციონალური მოძრაობის" მუშაობის სტილი და ფორმაა", - განაცხადა მიხეილ ღურწკაიამ.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებების "კრიმინალური ავტორიტეტების" მიერ მართვის სქემა გამოაქვეყნა.