საპრეზიდენტო კანდიდატების ნაწილი მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ხვდება და აქტიურ კამპანიას აწარმოებს. სპეცილისტების აზრით, მათი წინასაარჩევნო მესიჯები ძირითადად საგარეო ორიენტირსა და ტრადიციული ღირებულებების დაცვას ეთმობა, სოციალური თემები კი ნაკლებად ჩანს.
რამდენიმე დღეა, რეგიონებში მოგზაურობს "ქრისტიან-დემოკრატების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი თარგამაძე და ერთსქესიანი ქორწინების დაშვების წინააღმდეგ ხელმოწრებს აგროვებს.
"ქართული ოცნების" რჩეული გიორგი მარგევლაშვილიც რაიონებს აქტიურად სტუმრობს და ძირითადად მთავრობის მუშაობის ცხრათვიან ანგარიშს აბარებს.
მოსახლეობასათან შეხვედრებს მართავს "დემოკრატიული მოძრაობის" კანდიდატი ნინო ბურჯანაძე და პირობას დებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში სამართლიანობას აღადგენს. უკვე რამდენიმე რეგიონი შემოიარა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა დავით ბაქრაძემ, რომელიც ძირითადად დაუსრულებელ პროექტებსა და საკუთარი პარტიის წარსულ შეცდომებზე საუბრობს. საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი ელდარ პირმისაშვილი იმ საპრეზიდენტო კანდიდატების მესიჯებს აფასებს, რომლებიც მოსახლეობაში აქტიურ კამპანიას აწარმოებენ.
"გამოვყოფდი მარგველაშვილის მესიჯს, რომელიც განსხვავდება სხვა კანდიდატებისაგან. ფაქტობრივად ჯერ ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა, რომ არ უნდა მოელოდეთ პრეზიდენტისგან შეუძლებელს, ის იქნება ჩვეულებრივი ადამიანი. სამი ძირითადი მიმართულება დაასახელა, რომელიც არც ისე გადაულახავი და მიუღწეველია.
"მიზანი იყო, რომ მოსახლეობას არ ჰქონოდა დიდი მოლოდინი. არჩევნების წინ ყოველთვის არის ხოლმე გადაჭარბებული მოლოდინი ლიდერი ძალის მიმართ, იგივე მოხდა "ქართული ოცნების" შემთხვევაშიც. შემდეგ ამომრჩევლის ამ მოლოდინის მართვა ძალიან უჭირს გამარჯვებულ პარტიას თუ კანდიდატს. თუმცა მსგავსი სახის მესიჯი შეიძლება გარკვეული წრისთვის იყოს მისაღები, მაგრამ მასისთვის - ნაკლებად", - უთხრა პირმისაშვილმა "რეზონანსს".
"მასა უფრო აგრესიულ მესიჯებს ელოდება რადიკალური ცვლილებების შესახებ. ასეთი აქცენტები აქვს ნინო ბურჯანაძეს, ის აცხადებს, რომ ნამდვილად აღადგენს სამართლინობას. არსებობს გარკვეული რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც თვლიან, რომ ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო რეფორმები, რაც არ არის ისეთი სწრაფი, როგორსაც ელოდნენ.
"ისინი ელოდებოდნენ რადიკალიზმს, დაკავებებს და ა.შ. ანუ ეს მესიჯი ბურჯანაძისთვის კარგად მუშაობს. რაც უფრო მეტ აგრესიას ჩადებ მესიჯში, გარკვეულწილად მუშაობს საზოგადოებაზე, ოღონდ მოკლევადიან რეჟიმში. საარჩევნო სიტუაციაში ყოველთვის მოკლევადიანი მესიჯებია მომგებიანი.
"გიორგი თარგამაძე აქცენტს ერთსქესიანი ქორწინების მიუღებლობაზე აკეთებს. ვფიქრობ, ნაკლებად პრიორიტეტული თემაა მესიჯად ქცევისთვის, თუმცა ის იმ გზას არ უხვევს, რასაც ქრისტიანული დემოკრატია ქვია. მოწოდება განკუთვნილია იმ სეგმენტისათვის, ვინც ფიქრობს, რომ რელიგიას და ჩვენს თვითმყოფადობას დაცვა სჭირდება.
"წრეც სწორად აქვს შერჩეული, ძირითადად რეგიონებში ხვდება მოსახლეობას, თუმცა ნაკლებად მგონია, რომ ეს ყველაფერი ეფექტური იქნება. თარგამაძის უფრო გლობალური ხედვა იქნებოდა საინტერსო შიდა და საგარეო ორიენტირებზე, ვიდრე ერთ კონკრეტულ საკითხზე საუბარი. შეიძლება ის იმ ტენდენციისკენაც წავიდეს, რომ რამდენიმე თემა აიღოს ერთად და შემდეგ შეაჯამოს. ესეც პიარის გარკვეული მეთოდია, რომელსაც თანმიმდევრულ სტრატეგიას ვეძახით.
"რაც შეეხება დავით ბაქრაძეს, ვფიქრობ, კამპანიას სატესტო რეჟიმში აწარმოებს. ჯერ ძირითადად თავის მართლების პოზიციაშია და სხვადახვა პროექტების კრიტიკითაა დაკავებული, გამოკვეთილი მესიჯი არ აქვს. მისი მთავარი პრობლემა ალბათ ეს არის", - დასძენს პიარის სპეციალისტი.
მისივე განმარტებით, კანდიდატები ამ ეტაპზე ერთმანეთის პროგრამებს აკვირდებიან და უფრო მკვეთრ ლოზუნგებს საფხულის სეზონის დასრულების შემდეგ გააჟღერებენ.
"დატესტვის რეჟიმია და საზოგადოებაც პოლიტიკურადაა მინელებული. ძალიან ერთფეროვანია ყველაფერი და დიფერენცირების საშუალებას არ იძლევა. როგორც ყველა არჩევნებზე, ჩვენს შემთხვევაშიც, ყველა კანდიდატი კამპანიის ბოლო პერიოდში ცდილობსხოლმე რაღაც რადიკალური ცვლილებების შეტანას. ამომრჩველიც მიეჩვია ამას.
"რაც შეეხება საარჩევნო პროგრამებს, ძირითადად ელოდებიან ერთმანეთს, ვინ გამოაქვეყნებს პირველად რომ შემდეგ გააკრიტიკონ. ზოგადად ეს არ არის კარგი ტენდენცია. სხვათა შორის, ჩვენთან ასევე არ ხდება კანდიდატების პიროვნული მახასიათებლების გამოკვეთა, რას აკეთებენ, როგორ მუშაობენ და ა.შ. ეს ძალიან კარგად მოქმედებს საზოგადოებრივ აზრზე და ეს
მიმართულებები თუ იქნება წარმოჩენლი, დაეხმარება თითოეულ კანდიდატს", - განმარტავს ელდარ პირმისაშვილი.
დამოუკიდებელი ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე საზოგადოებისათვის ცნობილ პრეზიდენტობის კანდიდატებს ორ ძირითად ჯგუფად ყოფს.
"პირობითად შეძლება ორ დიდი ჯგუფად დაიყოს საპრეზიენტო კანდიდატები. ერთ მხარეს არიან უფრო ტრადიციული ღირებულებების დამცველები და მათვე აქვთ სამართლინობის აღდგენის მოთხოვნა. ხელისუფლებამ ვერ შეძლო სამართლინობის აღდგენა და უსუსურია - ესეც ამ ჯგუფის დამახასიათებელი მესიჯია და მიზნობრივ ჯგუფზე მუშაობენ. ამ ჯგუფში მოვიაზრებ ნინო ბურჯანაძეს, კობა დავითაშვილის, აკაკი ასათიანს, ამავე ჯგუფში უნდა მოექცეს ალბათ შალვა ნათელაშვილი.
"ისინი მუშაობენ ანტაგონიზმზე, რომ დასავლეთი და დასავლური ღირებულებები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ტრადიციულ ღირებულებებთან. ამ ჯგუფის წევრები რათქმაუნდა ხმას ერთმანეთს გაუყოფენ და ნინო ბურჯანაძის ძირითადი კონკურენტები ისინი არიან.
"რაც შეეხება მეორე ჯგუფს, აქ უნდა გავაერთიანოთ მარგველაშვილი, ბაქრაძე, თარგამაძე და ხარატიშვილი, თუკი ის კენჭს იყრის. მათი გამაერთიანებელი ნიშანი სწორედ დასავლური ღირებულებებია, თუმცა მარგველაშვილის შემთხვევაში, რამდენადაც ის წარმოადგენს დღევანდელ სახელისუფლებო გუნდს, საგარეო კურსი ორივე მიმართულებით იშლება - როგორც რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, ასევე დასვლეთთან ტრადიციული ურთიერთობის გაღრმავება. დანარჩენი სამი კანდიდატი მკვეთრად დასავლური ორიენტაციისაა.
"ხმების თვალსაზრისითაც ალბათ ეს სამი კანდიდატი წაართმევს ერთმანეთს ხმებს. თარგამაძე ალბათ ასევე ხმებს პირველი ჯგუფის წარმომადგენლებასაც წაართმევს, იმიტომ რომ მიზნობრივი ჯგუფი და საარჩევნო მიზანი დიდწილად თანხმდება მეორე ჯგუფის მესიჯებს, რადგან ტრადიციულ ღირებულებებს ეხება", - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე "რეზონანსთან" საუბარში.
"ერთგვარად წვრილ კონკურენტებად წარმოგვიდგება ხარატიშვილისა და ბაქრაძის წყვილი. ხარატიშვილის პოლიტიკაში წასვლის ავტორად თანაბრად შეიძლება ვივარაუდოთ, როგორც მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დათო ბაქრაძის ჯგუფთან საკუთარ მომავალს ვერ ხედავს, და წინა პლანზე წამოწია ხარატიშვილის ფიგურა. ასევე წარმატებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ხარატიშვილის შესაძლო კანდიდატობა ხელისუფლებასაც აწყობდეს, თუკი ის დათო ბაქრაძეს გაუყოფს ხმებს.
"ამ საარჩევნო კამპანიის მთავარი განმასხვავებელი, ყველა წინა არჩევნებთან შედარებით, ჩემთვის არის ის, რომ ძირითადი ბრძოლა წავა მეორე ადგილისთვის და შემდეგ ამ მეორე ადგილზე გასული პოლიტკური ფიგურის გარშემო მოხდება დანარჩენი პოლიტიკური სპექტრის გადაჯგუფება, ან პირიქით, მის საწინააღმდეგოდ კიდევ ერთი პოლიტკური ფლანგი ჩამოყალიბდება.
"კიდევ ერთი უცნაური რამ ახასიათებს ამ საარჩევნო კამპანიას. სოციალური თემატიკა სამართლიანობის აღდგენისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის ლოზუნგების ფონზე სადღაც უკანა პლანზე გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური და სოციალური ფონი ძალიან მძიმე რჩება, ეს თემა ისეთი აქტუალური არ არის, როგორც ყველა სხვა წინასაარჩევნო კამპანიისას", - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.
წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/84369-kandidatebis-mthavari-saarchevno-mesijebi.html#ixzz2chLWuclz