უენთორთ მილერი: არ ვესტუმრები რუსეთს, სადაც ჩემნაირ ადამიანებს დევნიან

უენთორთ მილერი: არ ვესტუმრები რუსეთს, სადაც ჩემნაირ ადამიანებს დევნიან

ცნობილი სერიალის "გაქცევა" მსახიობმა უენთორთ მილერმა სანკტ-პეტერბურგის კინოფესტივალში მონაწილეობაზე უარის თქმით რუსეთის ანტი ლგბტ კანონები გააპროტესტა.

ამერიკელმა მსახიობმა და სცენარისტმა უენთორთ მილერმა, რომელმაც Fox-ის ცნობილი სერიალით "გაქცევა" გაითქვა სახელი, სანკ-პეტერბურგის საერთაშორისო კინოფესტივალიდან მიწვევაზე უარი განაცხადა. 41 წლის მსახიობის თქმით, იგი პროტესტს უცხადებს რუსეთის ანტი-ლგბტ კანონის მიღებას. პეტერბურგის კინოფესტივალზე საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეულმა მილერმა ამ განცხადებასთან ერთად "ქამინ აუთი" გააკეთა.

"სიამოვნებით დავთანხმდებოდი თქვენს მიწვევას რუსეთში, რომელსაც სიხარულით ვესტურებოდი წარსულში. მაგრამ მე, როგორც გეიმ, უარი უნდა განვაცხადო ამ მიწვევაზე. ძალიან შეწუხებული ვარ ლგბტ ადამიანების მიმართ რუსეთის მთავრობის დამოკიდებულებით.

რუსეთში შექმნილი მდგომარეობა ჩემთვის მიუღებელია. არ შემიძლია მივიღო საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობის მიწვევა იმ ქვეყნიდან, სადაც ჩემნაირ ადამიანებს მუდმივად დევნიან და უარჰყოფენ მათ ფუნდამენტურ უფლებას იცხოვრონ და უყვარდეთ დაუფარავად. როცა რუსეთში გარემოებები შეიცვლება, მაშინ განსხვავებული არჩევანის გაკეთების მეტი შესაძლებლობა მექნება,"- წერია კინოფესტივალის დირექტორის მარია ავერბახისადმი მიწერილ წერილში.

წერილს "გეი და ლესბოსური ალიანსი დამცირების წინააღმდეგ" (GLAAD) ავრცელებს.