საქართველოს დეოკუპაციის და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი მუდმივად იქნება რუსეთ-ამერიკის დიალოგის ნაწილი

საქართველოს დეოკუპაციის და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი მუდმივად იქნება რუსეთ-ამერიკის დიალოგის ნაწილი

მივიღე გარანტია, რომ საქართველოს დეოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ნატოში ინტეგრაციის საკითხი მუდმივად იქნება რუსეთ-ამერიკის დიალოგის ნაწილი , – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

ალასანიას თქმით, საქართველო კვლავ რჩება რუსეთ-ამერიკის დიალოგის თემად.

"ამერიკის და რუსეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს თემამ წამოიწია. მე ასევე, მივიღე ყველანაირი გარანტია იმისა, რომ საქართველოს დეოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ნატოში ინტეგრაციის საკითხი მუდმივად იქნება რუსეთ-ამერიკის დიალოგის ნაწილი, ვიდრე რუსეთის ფედერაცია არ შეეგუება იმ ფაქტს, რომ მან უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან", - განაცხადა ალასანიამ.

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კომენტარი სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს როლზეც გააკეთა.

"საქართველო დაინტერესებულია, რომ სოჭის ოლიმპიადა ჩატარდეს უსაფრთხო გარემოში. აქედან გამომდინარე, აშშ, ისევე როგორც სხვა ჩვენი რეგიონალური პარტნიორები, მიესალმებიან საქართველოს ნაბიჯებს, რომ კოორდინაციაში ვიყოთ კონტრტერორისტულ საკითხებზე რეგიონის ქვეყნებთან და მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან ", - განაცხადა მინისტრმა.