ყვარლის რაიონის სოფელ თივში მეჩეთი აშენდება

ყვარლის რაიონის სოფელ თივში მეჩეთი აშენდება

კახეთში, ყვარლის რაიონის სოფელ თივში მეჩეთი აშენდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "სამხრეთ კავკასიაში ხუნძთა ეროვნულ-კულტურული ავტონომიის" ფილიალის ხელმძღვანელმა, ბადრუდინ იბრაგიმოვმა განუცხადა, მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა და საჭირო დოკუმენტაციის შემუშვება მიმდინარეობს.

"ახლა გაფორმების სტადიაშია ის ტერიტორია, სადაც მეჩეთი უნდა აშენდეს. არსებობს შეთანხმება რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან და რაიონის ხელმძღვანელობასთან, რომ არანაირი წინაააღდმეგობა არ იქნება საქართველოს ხელისუფლებისგან. ეს არის სოფელი, სადაც მოსახლეობის 100% მუსულმანია",- განაცხადა იბრაგიმოვმა.

მისი თქმით, ამ სოფელში არ არსებობს მეჩეთი, სადაც შესაძლებელია კოლექტიური ლოცვების ჩატარება, აქედან გამომდინარე, გადაწყდა მისი მშენებლობა.

რაც შეეხება დაფინანსებას, როგორც იბრაგიმოვი აცხადებს, ეს მოხდება კერძო შემოწირულობებით.

მანვე აღნიშნა, რომ მეჩეთის მშენებლობა დაიწყება მაშინვე, როდესაც საჭირო დოკუმენტებზე მუშაობა დასრულდება. დღეს კი სიმბოლურად საძირკველის ჩაყრის ცერემონიალის გამართვა იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ თივში გუშინ სოფლის დაარსების 56-ე წლისთავთან დაკავშირებული კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა. ამ დღესთან დაკავშირებით დაღესტნის რესპუბლიკიდან ჩამოსულები იყვნენ ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ღონისძიების ორგანიზატორია დაღესტანში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ხუნძთა ეროვნულ-კულტურული ავტონომია" იყო.