ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე თამარ ჟვანიას კანდიდატურა განიხილება

ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე თამარ ჟვანიას კანდიდატურა განიხილება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე გაერო-ს განვითარების საარჩევნო პროექტების ხელმძღვანელის თამარ ჟვანიას კანდიდატურა განიხილება. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ განუცხდა, ინფორმაციას ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს, ხოლო კომენტარს ამ თემაზე ორშაბათს გააკეთებს.

"არ შემიძლია, ამ ეტაპზე ამ ინფორმაციის არც დადასტურება და არც უარყოფა, ალბათ ორშაბათს გავაკეთებთ კომენტარს. პრეზიდენტმა არასამთავრობო სექტორთან შეთანხმებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ვერ გეტყვით, რომელი ორგანიზაციის შეთავაზებულ კანდიდატურას გაითვალისწინებს. იმედი გვაქვს, ჩვენ მიერ დასახელებული ადამიანიც მოხვდება იმ სამ კანდიდატში, რომელსაც პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს. შესაძლებელია, ჩვენი მხრიდან თამარ ჟვანიაც იყოს, თუმცა ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, საბოლოო პასუხზე ჩამოვყალიბდებით და ორშაბათს გავაკეთებთ კომენტარს",- აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე არ ყავდეს და მისი მოვალეობა ხარატიშვილის მოადგილე დავით კირთაძემ შეასრულოს.

ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა თანამდებობა 12 აგვისტოს დატოვა. თავმჯდომარე თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, პარლამენტმა გადაწყვეტილება 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა მიიღოს. თუ პარლამენტმა ამ ვადაში ვერ მიიღო გადაწყვეტილება, თავმჯდომარე ავტომატურად გადამდგარად ჩაითვლება, ამ ვადის გასვლის მომდევნო დღიდან. მის ფუნქციებს კი, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე მისი მოადგილე შეასრულებს.

ცესკო-ს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 15 დღისა, პრეზიდენტი სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ, ცესკო-ს სამ კანდიდატურას წარუდგენს.