საყდრისის ტერიტორიაზე პროექტის

საყდრისის ტერიტორიაზე პროექტის "ოქრო საქართველოში" საველე პრეზენტაცია გაიმართება

ბოლნისში, საყდრისის ტერიტორიაზე დღეს სამეცნიერო პროექტის "ოქრო საქართველოში" საველე პრეზენტაცია გაიმართება. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, პროექტის - "ოქრო საქართველოში", საველე პრეზენტაციას აღნიშნული მუზეუმი, ბოხუმის სამთო მუზეუმი და ბოხუმის რურის უნივერსიტეტი წარმოადგენს.

პრეზენტაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საყდრისში მიკვლეულ, მსოფლიოში ოქროს სამთოწარმოების უძველესი კერის შესწავლას და არქეოლოგიური ობიექტის განვითარების სამომავლო პერსპექტივებს ეხება.

არქეოლგიური გათხრების შედეგად მიკვლეული უძველესი ოქროს მაღაროები და მოპოვებული 10000-მდე ქვის ურო და სამუშაო იარაღი ადასტურებს, რომ საყდრისში ოქროს მოპოვება ხელით, სამთო წესით ხდებოდა.

დამსწრე საზოგადოება მიწისქვეშა და მიწისზედა არქეოლოგიურ სამუშაოებს დაათვალიერებს და სამთო წარმოებისა და ოქროს გადამამუშავებელ იარაღებს იხილავს.

ამასთან, პრეზენტაციის სტუმრები ექსპერიმენტული არქეოლოგიური კვლევის შედეგებს: მადნებიდან ოქროს მიღების უძველეს მეთოდებსა და ტექნოლოგიებს გაეცნობიან.

პროექტი "ფოლკსვაგენის" ფონდის, გერმანიის სამეცნიერო ფონდისა და საფრანგეთის სამეცნიერო ცენტრის მიერაა დაფინანსებული.

მომხსენებებს გააკეთებენ: მეცნიერებათა დოქტორი ი. ღამბაშიძე (საქართველოს ეროვნული მუზეუმი), პროფესორები: თ.შტოლნერი (ბოხუმის გერმანიის სამთო მუზეუმი / რურის უნივერსიტეტი) და სიმონ ტიმბერლაიკი (კემბრიჯის უნივერსიტეტი).

საყდრისის ოქროს მაღაროები 2006 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიყვანეს და მას ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 05.07.2013 წლის #03/108 ბრძანების საფუძველზე მოეხსნა.