გიორგი მარგველაშვილი მეორე დღეა კახეთში შეხვედრებს მართავს

გიორგი მარგველაშვილი მეორე დღეა კახეთში შეხვედრებს მართავს

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი მეორე დღეა კახეთში შეხვედრებს მართავს.

მარგველაშვილი კაბალში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის მინისტრ შალვა ფიფიასთან ერთად შეხვდა და მათ პრობლემები მოისმინა. პრეზიდენტობის კანდიდატი შეკრებილებს ადგილობრივმა იმამმა წარუდგინა.

გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები გააცნო და არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა.

„სექტემბრის შუა რიცხვებიდან ძალაში შედის კანონი კოოპერატივების შესახებ. გლეხები ერთმანეთს უნდა ენდოთ და შექმნათ კოოპერატივი, რათა რეალურად საქართველო თითო კაცი კი არ იყოს, არამედ თქვენი ყველას ერთობა. იმისთვის რომ სოფელი გაძლიერდეს ყველა უნდა გაერთიანდეთ, მოგიწოდებთ 27 ოქტომბერს აქტიურობისკენ , რომ თქვენმა შვილებმა ძლიერ საქართველოში იცხოვრონ,“- განაცხადა მარგველაშვილმა.

კაბალში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოსახლეობა გიორგი მარგველაშვილს არჩევნებზე მხარდაჭერას დაჰპირდა.

კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს ასევე შეხვედრებს გამართავს ლაგოდეხში, სოფელ შილდასა და ყვარელში.