„საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის“ განცხადებით პრეზიდენტობის მსურველთა უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობა ფიქსირდება.

„საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის“ განცხადებით პრეზიდენტობის მსურველთა უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობა ფიქსირდება.

„საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის“ განცხადებით 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების წინ პრეზიდენტობის მსურველთა უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობა ფიქსირდება.

კერძოდ, ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 35-ზე მეტი განცხადებაა რეგისტრირებული როგორც პოლიტიკური პარტიების, ისე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით. წინასაარჩევნო მარათონში პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეთა ჯგუფების აქტივობა დადებით მოვლენად შეიძლება შეფასდეს. თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის პრეტენდენტთა უჩვეულო სიმრავლისა და მათი გარკვეული ნაწილის არასახარბიელო პოლიტიკური რეპუტაციის ფონზე, მოსახლეობაში დღითი-დღე ძლიერდება ნიჰილიზმი დაგეგმილი არჩევნებისადმი. შედეგად, იქმნება სერიოზული საფრთხე იმისა, რომ 27 ოქტომბერს დაფიქსირდეს ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა. ამასთან, ხსენებული ტენდენცია ახდენს პრეზიდენტის, როგორც კონსტიტუციურ-სამართლებრივი ინსტიტუტის დისკრედიტაციას, რომელსაც აქვს სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი -აღნიშნავს ასოციაციის პრეზიდენტი თორნიკე ჭეიშვილი.

ზემოაღნიშნული ვითარების ფონზე,ქვეყანაში სამომავლო ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების უზრუნველსაყოფად, „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს საარჩევნო პროცესის მარგინალიზაციის საფრთხეს. ასოციაციის ხედვით, ერთ-ერთ ეფექტურ ცვლილებად შეიძლება იქცეს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის დადასტურებისთვის საჭირო ბარიერის ზრდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 პროცენტიდან 1,5 პროცენტამდე, რაც საჭიროებს როგორც კონსტიტუციური ნორმის, ისე საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვას. აღნიშნულთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებას „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“ საქართველოს პარლამენტს საშემოდგომო სესიის დაწყებისთანავე წარუდგენს.