Wikileaks-ის ინფორმატორს 35 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

Wikileaks-ის ინფორმატორს 35 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო სასამართლომ Wikileaks-ის ინფორმატორს, ბრედლი მენინგს 35 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის ასევე გაირიცხა აშშ-ის არმიის რიგებიდან.

ბრალდების მტკიცებით, აშშ-ის არმიის რიგითმა ჯარისკაცმა, 25 წლის ბრედლი მენინგმა იცოდა, რომ მის მიერ მიწოდებული და ინტერნეტში გამოქვეყნებული საიდუმლო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი იქნებოდა ტერორისტული ორგანიზაციებისთვის. ბრალდების მხარე მისთვის 60- წლიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა და ამბობდა, რომ ეს იქნებოდა მაგალითი სხვებისთვის. ამ ვერსიას არ დაეთანხმა აშშ-ის სამხედრო სასამართლო, თუმცა მან ჯარისკაცი დამნაშავედ ცნო ჯაშუშობაში და განაჩენი გამოუტანა.

სასჯელის ერთი მესამედის მოხდის შემდეგ ბრედლი მენინგის თავდებით გათავისუფლება იქნება შესაძლებელი.

საიტი Wikileaks სასამართლოს გადაწყვეტილებას Twitter-ის ოფიციალური გვერდის მეშვეობით გამოეხმაურა და “სტრატეგიულ გამარჯვებად” შეაფასა:

“მნიშვნელოვანი სტრატეგიული გამარჯვება ბრედლი მენინგის საქმეზე. ბრედლი მენინგს ახლა შეუძლია 9 წელზე ნაკლებ დროში გათავისუფლდეს”, - ნათქვამია Wikileaks-ის გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე აპირებს, სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში ავტომატურ რეჟიმში გაასაჩივროს.

აშშ-ის ხელისუფლებამ ყოფილი სამხედრო 2009 წლის 19 ნოემბრიდან 2010 წლის 27 მაისამდე გავრცელებული საიდუმლო მასალების ვიკილიქსისთვის გადაცემის გამო დააკავა.