"ნასამართლეობის მოხსნის უფლება როგორც პრეზიდენტს, ისე შს მინისტრს აქვს"

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის ეკა ფოფხაძის განმარტებით, ნასამართლეობის მოხსნის უფლება როგორც პრეზიდენტს, ისე შს მინისტრს აქვს.

ამის შესახებ ფოფხაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნოვის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

"პრეზიდენტსაც აქვს იმის უფლება, რაც მან გააკეთა და ამ შემთხვევაში, "ამნისტიის შესახებ" კანონისა და სისხლის სამართლის კოდექსის ინტერპრეტაციის შესაბამისად, შს მინისტრის ის ბრძანებაც არის გამართლებული. პირიქით, მე მგონი, ეს ძალიან კარგია, რადგან ყველა პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ მიმართავს და მოსახლეობის ნაწილს, ადამიანებს, რომელთაც მხოლოდ ნასამართლეობის გაქარწყლება უნდა მხოლოდ და არა პირობითი მსჯავრის მოხსნა, ექნებათ შესაძლებლობა, რომ პირდაპირ შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართონ", - განაცხადა ფოფხაძემ.

შეგახსნებთ, რომ 19 აგვისტოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ მზადაა, პირებს, რომლებსაც პირობითი სასჯელი და ნასამართლეობა აქვთ, მიმართვის საფუძველზე, ინდივიდუალური აქტით, პირობითი სასჯელი და ნასამართლეობა მოუხსნას.

პრეზიდენტის ინიაციატივას მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა, რომელიც აღნიშნულია, რომ "შს მინისტრის 2013 წლის 16 აგვისტოს №644 ბრძანებით, პირდაპირ დადგენილია თვისებრივად ახალი რეგულაცია, რომლის თანახმადაც, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებული პირთა წრის მიმართ, მითითებული თარიღიდან ვრცელდება ნასამართლობის მოხსნის რეჟიმი".

აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ინიციატივასა და მინისტრის აღნიშნულ ბრძანებას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. მისივე თქმით, ნასამართლეობის მოხსნის უფლება არა მინისტრს, არამედ სასამართლოს და პრეზიდენტს აქვს.