პრეზიდენტმა მფრინავები შამილ და ზაურ ქორთოშიძეები დააჯილდოვა

პრეზიდენტმა მფრინავები შამილ და ზაურ ქორთოშიძეები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს მფრინავებს შამილ და ზაურ ქორთოშიძეებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისას გამოვლენილი მამაცობის, მაღალი პროფესიონალზმისა და უმწიკვლო სამსახურისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების სარდლობის შვეულმფრენების ბაზის ყოფილი მეთაური, პოლკოვნიკი შამილ ქორთოშიძე წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდა, ხოლო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის საავიაციო რაზმის სატრანსპორტო ვერტმფრენების რგოლის ყოფილი უფროსი მფრინავი, ვიცე-პოლკოვნიკი ზაურ ქორთოშიძე - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.

მრავალწლიანი თავდადებული სამსახურისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები ვახტანგ გორგასლისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

აღსანიშნავია, რომ ზაურ ქორთოშიძე რამდენიმე თვის წინ მედიის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოხვდა, რაც ითქვა, რომ შსს-ს მიერ ტერაქტის მცდელობისთვის დაკავებული პირები - მიკაელ კადიევი და რიზვან ომაროვი მის სახლში ცხოვრობდნენ.

მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს, რომ შსს-ს მიერ დაკავებულები პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის, კერძოდ, მისი პირადი მფრინავის, ვერტმფრენების კომპანია "თუშეთის" მფლობელის, ზაურ ქორთოშიძის კუთვნილ სახლში ცხოვრობდნენ.

მოგვიანებით ამ თემას თავად მფრინავიც გამოეხმაურა და ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. ზაურ ქორთოშიძის თქმით, დასახელებულ პირებს მის სახლში არასოდეს უცხოვრიათ.