"როსსელხოზნადზორის" წარმომადგენელთა ვიზიტი დასრულდა

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყების - „როსსელხოზნადზორის" წარმომადგენელთა ერთკვირიანი ვიზიტი დასრულდა.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ეწვივნენ საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს, დაათვალიერეს ხილის კომპანიები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სასათბურე მეურნეობები, ციტრუსისა და თხილის გადამამუშავებელი საწარმოები, სადაც საექსპორტო პარტიების ფორმირებისა და ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების პროცესს გაეცნენ.

"როსსელხოზნადზორის" დელეგაცია მოსკოვში დაბრუნების შემდეგ მოამზადებს დასკვნას, რომლის საფუძველზეც, სავარაუდოდ, უნდა გაუქმდეს „როსსელხოზნადზორის" 2006 წლის ბრძანება საქართველოდან მაღალი რისკის შემცველი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რუსეთის ფედერაციაში შეტანის აკრძალვაზე. შედეგებს უახლოეს ხანში სურსათის ეროვნულ სააგენტოს აცნობებენ.