გიორგი კანდელაკი:  რომელი ტელევიზია ჩამოყალიბდება ივანიშვილის ჯიბის ტელევიზიად, მომავლი გვაჩვენებს

გიორგი კანდელაკი: რომელი ტელევიზია ჩამოყალიბდება ივანიშვილის ჯიბის ტელევიზიად, მომავლი გვაჩვენებს

"სამწუხაროა, რომ ვბრდუნდებით იმ დროში, როცა საქართველოში ტელევიზიები გახსნის ნაცვლად იხურება", - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი კანდელაკმა "მე-9 არხის" დახურვასთან დაკავშირებით. 

მისი თქმით, პრემიერის მრჩეველმა გია ხუხაშვილმა დაადასტურა, რომ "მე-9 არხი" სწორედაც პოლიტიკური პროექტია, როდესაც აღნიშნა, რომ არხის კომერციულ ორგანიზაციად გადაკეთებას დიდი დრო დასჭირდება.

"დარწმუნებული ვართ, ბიძინა ივანიშვილი არ დახურავდა საკუთარი ოჯახის ტელევიზიას, რომ არ იყოს დარწმუნებული იმაში, რომ რომელიმე მთავარი ნაციონალური არხი არ გაატარებს მის პოლიტიკურ ინტერესებსა და ხაზს. თუ რომელი ტელევიზია ჩამოყალიბდება ივანიშვილის ჯიბის ტელევიზიად, ამას მომავლი გვაჩვენებს.

ამ თვალსაზრისით ასევე უნდა გავიხსენოთ უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ქალბატონ ელისო ჩაფიძის 8 მაისის განცხადება, როდესაც მან მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიების არსებობა დაადასტურა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამგვარ ტელევიზიად ქალბატონ ჩაფიძის მიერ ნახსენები ერთ-ერთი ტელევიზია ჩამოყალიბდება.

ამავე დროს, გვსურს გამოვხატოთ წუხილი იმასთან დაკავშირებით რომ ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალანსებულ მაუწყებლად საყოველთაოდ აღიარებული "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი" უკვე ექცევა "ქართული ოცნების" კონტროლქვეშ, რასაც აჩვენებს ტრადიციულად ქცეული, ევროკავშირის ეგიდით ყოველი არჩევნების წინ ჩატარებული მედია მონიტორინგი. აღნიშნული მონიტორინგი სხვადასხვა მედიასაშუალებების დაბალანსებულობის ყველაზე მიუკერძოებელ საზომად დიდი ხანია აღიარებული. ამგვარი სავალალო მდგომარეობა გაკვირვებას არ იწვევს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შევარდნაძის ეპოქის "ერთ-ერთი სიმბოლო", დღეს კი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კოკა ყანდიაშვილი ფაქტობრივად წარმართავს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" საინფორმაციო პოლიტიკას და აქტიურად ერევა სიუჟეტების შინაარსში",-განაცხადა კანდელაკმა.